მთავარისაქართველოროგორია ვაქცინაციის ტემპი სტუდენტებს შორის

როგორია ვაქცინაციის ტემპი სტუდენტებს შორის

საქართველოში ამ მომენტისთვის ყოველდღიურად კორონავირუსის 2 ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდება. ამასობაში კი 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოზე აღნიშნა, რომ სტუდენტებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ეპიდემიოლოგები კი ამბობენ, რომ უჭირთ ამ ვითარების კონკრეტული მიზეზის დასახელება. როგორია უნივერსიტეტების წვლილი, როცა საქმე ვაქცინაციას ეხება და რას ფიქრობენ სტუდენტები?

აუდიტორიებში სასწავლო პროცესი განახლდა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ზოგან სწავლების კვლავ ეგრეთ წოდებულ ჰიბრიდულ მეთოდს ირჩევენ, ანუ დისტანციურადაც და აუდიტორიებშიც. აცრაც სავალდებულო არ არის და სტუდენტების  არჩევანზეა დამოკიდებული.

„აცრილი ვარ “ფაიზერით” და მგონია, რომ ყველა უნდა ავიცრათ, რათა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას და ასევე ჩვენ გარშემო მყოფებიც დავიცვათ“.

„ამ ეტაპზე აცრილი უბრალოდ თავს ვიკავებ ამ ეტაპზე, რადგან ვაქცინა ახალია და რატომღაც ბოლომდე არ ვენდობი“.

ფაიზერის” ორი დოზა გავიკეთე. გადავწყვიტე ავიცრა, იმიტომ, რომ არ შემხვდეს კოვიდი ფრთხილად ვიყო ჩემ თავთან და ჩემს ოჯახის წევრებთან“, – ამბობენ ქუჩაში გამოკითხული სტუდენტები.

ეპიდემიოლოგების თქმით, იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა აცრის პუნქტებს მეტად მიაკითხონ, საჭიროა უნივერსიტეტებმა მათ ინფორმაცია სწორად მიაწოდონ.

იმუნიზაციის საბჭოში ამბობენ, რომ ჯერჯერობით სტუდენტები ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის სამიზნე ჯგუფში არ არიან.

“ერთადერთი, რაც ამ მდგომარეობას ხსნის, არის ის, რომ ჯერ ყველა ინფორმირებული არ არის, ყველამ არ იცის და ვერ აცნობიერებს იმ რისკებს, რომელებიც დაკავშირებულია ვაქცინაციაზე უარის თქმასთან. ის მოსაზრება, რომ ის ახალგაზრდაა და მასში შესაძლოა კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობდეს, გარკვეულწილად, სწორი იყო ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ საქმე გვქონდა ჩინურ ვარიანტთან. “დელტა” ვარიანტმა კი მკვეთრად შეცვალა ეს დამოკიდებულება და შეეხო სწორედ იმ ასაკობრივ ჯგუფს, რომელშიც სტუდენტები არიან. 16-24 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ახლა კორონავირუსის შემთხვევები კი გაცილებით მეტია“,- ამბობს იმუნიზაციის საბჭოს წევრი ივანე ჩხაიძე.

სტუდენტებს შორის ვაქცინაციის დონე საერთაშორისო გამოცემა Forbes-მაც გაარკვია და 2021 წლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში ვაქცინაციის ტემპი მაღალია. მაგალითად, ჰარვარდში სტუდენტების 93%-ია ვაქცინირებული, Yale-ში 92%, ხოლო Brown-ის უნივერსიტეტში ამ მაჩვენებელმა 97%-მდე აიწია.

მაგრამ როგორია ქართული უნივერსიტეტების მიდგომა? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაწყებისთანავე მათ სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს აცრისკენ მოუწოდეს:

„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის დაახლოებით 70%-ია ვაქცინირებული, ხოლო სტუდენტებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45%-მდეა. განსაკუთრებით საგულისხმოა სტუდენტების მონაცემები,რადგან ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ეს მონაცემები გაიზარდოს, რადგან ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ უნივერსიტეტში უსაფრთხო გარემოა. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდოს, ამის შემდეგ კი მივმართავთ შესაბამის უწყებებს და შევძლებთ სრულად აღვადგინოთ სააუდიტორიო სწავლება“, – ამბობს თსუ-ის ადმინისტრაციის კანცლერი ლაშა საღინაძე.

შედარებით განსხვავებული მდგომარეობაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. უფროსკურსელებს ხშირად უწევთ სხვადასხვა კლინიკაში პაციენტებთან ურთიერთობა, ამიტომ აქ სტუდენტების უმრავლესობა ვაქცინირებულია.

„ჩვენთან სწავლა უკვე დაწყებულია ფიზიკური გამოცხადებით, სადაც დადის ყველა და სამი პრინციპიდან ერთ-ერთს უნდა აკმაყოფილებდეს, ან აქვს ახლად გადატანილი დაავადება ან არის სრულად ვაქცინირებული ან ყოველ კვირას ტვირთავს პისიარტესტის უარყოფით პასუხს. ვფიქრობთ, დაბალკურსელებისთვის, სადაც სწავლება კვლავ დისტანციურად მიმდინარეობს, საფაკულტეტო საბჭოები მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას”,- ამბობს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურა ვადაჭკორია.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია საქართველოში ჯერჯერობით არ იქნება სავალდებულო. აიცრებიან თუ არა სტუდენტები, ეს კვლავ მათი არჩევანია, თუმცა ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ პანდემიის დაძლევის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend