მთავარისაქართველოსაქართველოს ოფიციალური ვიზიტითი მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტითი მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვია

ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი პირველად სტუმრობს. მან ოფიციალური შეხვედრები დილიდან დაიწყო.

ორბელიანების სასახლეში მონტენეგროს პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა გააანალიზეს ორი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომაროება, რომელსაც რეალურად ბევრი საერთო აქვს.

„ერთ საერთო დასკვნამდე მივედით, რომ დასავლეთ ბალკანეთში, როგორც კავკასიაში მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო 19 აპრილის დოკუმენტი, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ახლო მომავლისთვის, რომ ევროკავშირმა თავის საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ ორ რეგიონს, რომლებიც რეალურად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ვერ წარმოიშობა ევროკავშირის სერიოზული საგარეო პოლიტიკა, თუ არ იქნება გათვალისწინებული ამ ორ რეგიონთან მიმართებაში რა უნდა იყოს ევროკავშირის პოზიცია და როგორ უნდა იყოს ეს პოზიცია მყარად დაცული“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მონტენეგროს პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის განცხადებით, მონტენეგრო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ნაბიჯებს პოლიტიკურად ძალიან რთულ რეგიონში. მისივე თქმით, მონტენეგრო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში სტუმრობისა იყო ის, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაგვეღრმავებინა და ასევე გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა თქვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმართ. ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალყურს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში და ასევე პოლიტიკურ სიტუაციას თქვენს რეგიონში. მონტენეგროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ძალისხმევა, რომელსაც გაიღებთ საქართველოში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გარეშე შეუძლებელი იქნება მიზნების მიღწევა. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ნაბიჯებს ამ პოლიტიკურად ძალიან რთულ რეგიონში. დასავლეთ ბალკანეთი ასევე პოლიტიკურად საკმაოდ რთული რეგიონია და სწორედ ამიტომ ძალიან ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას სტაბილურობის მიღწევისკენ“, – აღნიშნა მონტენეგროს პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა.

მონტენეგროსა და საქართველოს უკვე მრავალი წელია საერთო გეოპოლიტიკური მიზნები აქვთ. დასავლეთ ბალკანეთის ეს ქვეყანა ნატოს რიგებს 4 წლის წინ შეუერთდა და ახლა ევროპის დიდ ოჯახში გაწევრიანებას ცდილობს.

თბილისსა და პოდგორიცას შორის დიპლომატიური ურთიერთობები კი 14 წელს ითვლის, თუმცა არც მონტენეგროსა და არც საქართველოს ადგილზე საელჩოები არ აქვთ გახსნილი. დღეს კი ორი ქვეყნის პრეზიდენტები იმედოვნებენ, რომ ეს ვიზიტი გახდება უფრო ღრმა ურთიერთობების საწყისი.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend