საფრანგეთი ევროკომისიას მოუწოდებს, რომ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებზე წვდომის საკითხთან დაკავშირებით უფრო გამოკვეთილად დააფიქსიროს თავისი პოზიცია.
საფრანგეთის მთავრობას სურს, რომ ბრიუსელმა ბრიტანეთსა და ჯერსის კუნძულს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს, რადგან დიდმა ბრიტანეთმა ფრანგების თევზმჭერი ნავებისთვის საკმარისი რაოდენობის ლიცენზია არ გასცა. ეროვნულ ასამბლეაზე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბრიტანეთის მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს.
„სწორედ ევროკომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ შეთანხმების პირობები დაცული იქნას. აქ, ეროვნულ ასამბლეაზე, ვაცხადებ, რომ ევროკომისია ამაზე მუშაობს, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. ევროკომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს” – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა.
გასულ კვირას ინგლისის ტერიტორიულ წყლებში თევზჭერის ნებართვაზე შეტანილი განცხადებების მესამედზე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უარი განაცხადა. დიდმა ბრიტანეთმა 47 განცხადებიდან მხოლოდ 12 დააკმაყოფილა. მხარეები ლიცენზიების გაცემის შესახებ ბრექსიტის მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, თუმცა ახლა ბრიტანელი მმართველები ამბობენ, რომ იმ ნავების მფლობელებმა, რომლებმაც ლიცენზია ვერ მიიღეს, საკმარისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.