მთავარი საქართველო გზავნილები დასავლეთიდან - ევროპარლამენტარების განცხადებებს ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან

გზავნილები დასავლეთიდან – ევროპარლამენტარების განცხადებებს ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან

ევროპარლამენტარების განცხადებას დღეს უკვე ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ევროპარლამენტარებმა დაადასტურეს, რომ ქვეყანაში გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები არ ტარდება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ არჩევნები მხოლოდ კენჭისყრის დღედ არ მოიაზრება და წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, რაზეც ევროპარლამენტარებიც მიუთითებენ.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ ტარდება გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები და უამრავი პრობლემა, რომელიც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, 2021 წლის არჩევნების დროსაც განმეორდა. რაც შეეხება 43%-იან ბარიერს, ოპოზიციის მთელი კამპანია იყო დაფუძნებული შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულ 43%ის ბარიერზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ გაგვეგრძელებინა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა – ეს საფუძველი აღარ არსებობს“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

„მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი უცხოელი პარტნიორების განცხადებებს, რომლებმაც ცალსახად ხაზი გაუსვეს, რომ დაშინება-მოსყიდვა იყო ამ არჩევნების განუყოფელი ნაწილი, სამწუხაროდ, ეს ნამდვილად არ არის ის დემოკრატიული სტანდარტი, რითიც უნდა ტარდებოდეს ევროკავშირის ასოცირებულ წევრ ქვეყანაში არჩევნები და ამისათვის ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ მაქსიმალურად, რომ გამართული იყოს საარჩევნო პროცესი“, – თქვა „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ევროპარლამენტარებმა მარინა კალიურანდმა, სვენ მიქსერმა და ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში 2 ოქტომბრის ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

მათი შეფასებით, საქართველომ ორ ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა. თუმცა, მათივე განმარტებით წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველჰყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის. ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი. ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, პირველი ტურის დროს გამოვლენილი ხარვეზები აღმოფხვრან.

ევროპარლამენტარების განცხადებას მმართველ პარტიაში პოზიტიურად აფასებენ.

„სადამკვირვებლო მისიებმა, ისევე, როგორც ეუთო/ოდირმა აღიარა უკვე, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტუნარიანი. ძირითადად ამ გარემოში ჩატარდა არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა არა მხოლოდ 2021 წლის გამჭვირვალედ არჩევნების ჩატარების ფაქტი, არამედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ფაქტიც. გახსოვთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჰქონდა სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას მოსაზრება, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს აუცილებლად ის, რომ გარდა უცხოური სადამკვირვებლო მისიებისა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც პრაქტიკულად ადასტურებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების სიზუსტეს. იმიტომ, რომ მათი გამოქვეყნებული შედეგებიც პრინციპში იმეორებს ცესკოს შედეგებს. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა არგუმენტი და საფუძველი გამოეცალა რადიკალურ ოპოზიციას იმისათვის, რომ 2021 წლის არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის გაყალბებაზე ჰქონდეს საუბარი“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ვაშინგტონშიც აფასებენ.

სენატის საგარეო კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის შეკითხვის პასუხად აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არ არის. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend