მთავარისაქართველოშეზღუდვების შემსუბუქება და ვაქცინაციის დაბალი ტემპი

შეზღუდვების შემსუბუქება და ვაქცინაციის დაბალი ტემპი

უნდა გახდეს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო - ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებს განსხვავებული პოზიცია აქვთ

6 ოქტომბრიდან საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. კონცერტებსა და ფესტივალებზე მაყურებელი რეგულაციების დაცვით შეძლებს დასწრებას. კვების ობიექტები ღამის 11 საათამდე იმუშავებს. ხოლო 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლების 33%-ს დაუშვებენ, ოღონდ გარკვეული პირობებით: დასწრების მსურველი უნდა იყოს ვაქცინირებული, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი ჰქონდეს კორონავირუსი ან ბოლო 72 საათში გაკეთებული უნდა ჰქონდეს პისიარტესტი. თუმცა ადგილზე კოვიდპასპორტის ან სხვა საბუთის წარდგენა აუცილებელი არ არის.

“სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ამოწმებენ ვაქცინაციის სტატუსს, პისიარტესტის უარყოფითი პასუხის ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის შესახებ ინფორმაციას. ამ ინფორმაციის დადასტურება ადგილზეა შესაძლებელი“, –  ამბობს გიორგი ღიბრაძე, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი.

სასწავლო დაწესებულებების გახსნასა და შეზღუდვების გარკვეული ნაწილის მოხსნასთან ერთად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუცილებელია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა. თუმცა უნდა გახდეს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო, ამ კითხვაზე განსხვავებული პოზიცია აქვთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს.

„სავალდებულო ვაქცინაცია პირდაპირი გზით პაციენტის შესახებ უფლებების კანონს ეწინააღმდეგება, რადგან სამედიცინო ინტერვენცია შეიძლება შესრულდეს მხოლოდ პაციენტის ნებართვით და გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, თუ რა არის განსაზღვრული საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

„მე საკმაოდ კარგად ვერკვევი იურისპრუდენციაში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლი არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა. როცა არის პანდემია, შეგვიძლია შემოვიღოთ სავალდებულო ვაქცინაცია.“ – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

სანამ გადაწყდება, გახდება თუ არა საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო, მანამდე ჯანდაცვის სამინისტრო წამახალისებელ ღონისძიებებსა და სოფლებს შორის მარათონებს გეგმავს, იმისათვის, რომ მოსახლეობა აცრის აუცილებლობაში დაარწმუნოს.

„ოჯახის ექიმებისა და ექთნების წახალისების სქემა ითვალისწინებს იმას, რომ გაუწიონ კონსულტაცია 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, დეტალურად აუხსნან ვაქცინაციის სიკეთეები და აცნობონ გვერდითი მოვლენების შესახებ. თითო აცრილ მოქალაქეზე დამატებით განსაზღვრული თანხა შეადგენს 20 ლარს. აქედან 80% მოხმარდება ექიმისა და ექთნის ანაზღაურებას, 20% კი შეიძლება დაიხარჯოს ადმინისტრაციულ რესურსზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

„ვფიქრობთ, რომ 15 ოქტომბერს დაიწყოს ერთკვირიანი სერიოზული მარათონი. ეს იქნება შეჯიბრი სოფლებს შორის. შერჩეულ 68 სოფელში დაახლოებით 250 000 მოსახლეა. სამიზნედ ვიღებთ ვაქცინაციის 60%-იან მაჩვენებელს.  250 000-დან დაახლოებით 25% ბავშვია და ეს რაოდენობა გამოაკლდება. მოსახლეობის ნაწილი, სავარაუდოდ, უკვე აცრილი იქნება. ჩვენი მიზანია, რომ სოფლებში მოსახლეობის 60% ვაქცინირებული იყოს. თუ ამან გაამართლა, მაშინ იმ სოფლებშიც, რომლებშიც 2 000-მდე მოსახლეა,  იმავეს გავაკეთებთ და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ მოვიცვათ 3 500-მდე დასახლებული პუნქტი“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

კორონავირუსის უფრო რთული და გადამდები „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო მოსახლეობის 60%-ის აცრა საკმარისი აღარ არის და ეპიდემიის შესაჩერებლად წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 80%-ის აცრაა აუცილებელი. იმის გამო, რომ საქართველოში ვაქცინაციის ტემპი სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაბალია, ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სათავო ოფისიდან ტემპის გასაზრდელად რეკომენდაციებს ელოდება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend