მთავარი საქართველო სათქმელი დიდ კედელზე

სათქმელი დიდ კედელზე

ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

„თბილისის მურალ ფესტივალი“ – ასე ჰქვია ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც ქართველ და უცხოელ სტრიტარტისტებს აერთიანებს. ფესტივალი თბილისის, ბერლინისა და ჰამბურგის მერიების მხარდაჭერით გაიმართა – 5 სექტემბერს დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდა.

მისი მიზანია ქალაქი საგამოფენო სივრცედ აქციოს და პოსტსაბჭოთა არქიტექტურაზე თანამედროვე ხელოვნების კვალი დატოვოს.

თუკი თბილისის ქუჩებში, რომელიმე დიდი კორპუსის კედელს მოხატულს ნახავთ, შესაძლოა, ეს „თბილისის მურალ ფესტივალში“ მონაწილე ერთ-ერთი მხატვრის შემოქმედება იყოს. ქალაქის ჩვეულ ხედებსა და პოსტსაბჭოთა ნაცრისფერ არქიტექტურაში, თანამედროვე ხელოვნება მოულოდნელად, ამ უზარმაზარი ნახატების სახით იჭრება.

ერთ-ერთ ნახატს თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, ჰოლანდიელი არტისტი JDL -ი ხატავს. ნახატს ასე ჰქვია -“HOLD ME TIGHT” ანუ „მაგრად ჩამეხუტე“. მხატვარი ამბობს, რომ ყოველთვის სიამოვნებით ხატავს იქ სადაც სურვილი აქვთ,  ქუჩის მხატვრობაზე მეტი იცოდნენ. მისი აზრით, თბილისი ასეთი ქალაქია.

Copyright – Euronews Georgia

„თბილისში აქამდე არასდროს ვყოფილვარ. ქართულ კულტურასა და ისტორიაზეც ბევრი არაფერი ვიცოდი. მაგრამ ახლა თბილისზე მეფიქრება სიამოვნებით დავბრუნდები და იმ ხალხის შესახებ მოვყვები, რომელიც ომს გადაურჩა“,- ამბობს ჰოლანდიელი მხატვარი JDL

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მათი შთაგონება ბერლინის ქუჩები იყო, სადაც ქუჩის მხატვრობა ძალიან პოპულარულია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის მესიჯები, რომელიც „სტრიტ არტის“ გული და სულია. ეს მხოლოდ დეკორატიული მოხატვა არ არის, რომ ქალაქს ვალამაზებდეთ. მონუმენტური ხელოვნების მთავარი მიზანი ისაა, რომ მისი ზომების საშუალებით მნახველამდე სათქმელი მივიტანოთ. ზოგადად ეს სურპრიზია მნახველისთვის, რადგან ეს მაინც გალერეიდან გამოქცეული ხელოვნებაა. როდესაც გალერეაში მივდივართ, მაინც ვიცით რას მოველით, მაგრამ როცა ქუჩაში ვხვდებით ნამუშევარს რომელსაც არ ველოდებით, მნიშვნელოვანია, რომ სათქმელი ჰქონდეს“,  -ამბობს TBILISI MURAL FEST-ის ორგანიზატორი ბესო მაზიაშვილი

ნახატის დასასრულებლად მხატვარს 2 კვირაზე მეტი დასჭირდა:

Copyright – Euronews Georgia

„ძირითადად ჩემი ნამუშევრები სოციალურ პრობლემებს ასახავს, ვცდილობ ადამიანების ემოცია ვაჩვენო. ისეთი ადამიანების რომლებიც ხშირად შეუმჩნევლები არიან საზოგადოებისთვის, მაგალითად ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა დაავადებების მქონე ადამიანების, როგორიცაა სიმსივნე. ვამჩნევ, რომ როდესაც ასეთი ადამიანები თავიანთ პრობლემებზე საუბრობენ ტკივილის ან სირცხვილის გრძნობა ეუფლებათ, ამაში კი გარკვეულ სილამაზეს ვხედავ. ამ ნახატსაც ასე ჰქვია „ მაგრად  ჩამეხუტე“. ნახატზე ქალია, რომელიც საკუთარ თავს ეხუტება, მას ზურგზე ძვლები უჩანს. თითქოს ძალიან სუსტია, თუმცა ამავდროულად ლამაზიც და ამ ჩახუტებისას ის სხვა ადამიანებს ახსენებს, რომ საკუთარი თავი უნდა გაამხნევონ“, – ამბობს მხატვარი.

თბილისის სხვა ქუჩაზე კი, ფესტივალში მონაწილე ფრანგმა მხატვრებმა, თბილისურ არქიტექტურას ალღო აუღეს და ნახატიც თბილისური სახლის ფანჯრებს მოარგეს.

Monkeybird – ასეთია მათი ფსევდონიმი, წვრილი შავ-თეთრი ზოლებით შექმნილი დიდი ზომის ნახატები კი მათი სავიზიტო ბარათია

Copyright – Euronews Georgia

MONKEYBIRD: „ჩვენი ხატვის სტილი შეგიძლიათ შეადაროთ მოხატვას, როცა ადამიანები თეფშის ან სხვადასხვა საგნების გარშემო მკვეთრი ხაზების გავლებას ცდილობენ, ჩვენც ასე ვიქცევით ოღონდ შედარებით დიდი ზომის ნახატებზე, ეს ერთგვარი გამოხატვის ფორმაა.“

თბილისში კედლის მხატვრობას მრავლად შეხვდებით.

2021 წლის “მურალ ფესტივალში” კი 9 მხატვარია ჩართული, მათ ნამუშევრების ნახვა თბილისელებს უკვე შეუძლიათ დიდ საგამოფენო დარბაზში, რომელსაც თბილისის ქუჩები ჰქვია.

ნინი ჯალაბაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:03:04

Send this to a friend