მთავარისაქართველოპარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

83 დეპუტატიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მოთხოვნას, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, მხარი 79-მა დაუჭირა. არც ერთი დეპუტატი წინააღმდეგ არ წასულა.

თავი შეიკავა ოთხმა პარლამენტარმა. ამ გადაწყვეტილებით, დღეიდან ნიკა მელია მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი აღარ არის. 5 ოქტომბრის სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” არცერთი დეპუტატი.

დეპუტატმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით თავად მიმართა. პარლამენტმა ნიკა მელიას დაჟინებული მოთხოვნა დეპუტატობაზე უარის თქმის შესახებ, საშემოდგომო სესიის რიგით მეორე სხდომაზე, 5 ოქტომბერს დააკმაყოფილა. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება არასასიამოვნოა, თუმცა პატივს სცემენ მელიას მოთხოვნას.

„როცა ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებაზე იყო საუბარი და მას იჭერდნენ, ოპოზიციიდან მე და ალეკო ელისაშვილი ორი დეპუტატი ვიყავით, რომელმაც მხარი არ დავუჭირეთ, რადგან მიგვაჩნდა, რომ სწორი არ იყო, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, მისი ნებაა, რომ პარლამენტი დატოვოს და თუ ადამიანს დეპუტატობა არ უნდა, ვერ წარმომიდგენია, ძალით რატომ უნდა დააკავო. ვინაიდან არ უნდა, სწორი იქნება, შეუწყვიტო. მას მხარს დავუჭერ”, – განაცხადა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა.

მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა ერთხმად  დაუჭირეს მხარი  ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური კვალი არ არის.

“რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა ფორმალური კენჭისყრა, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ ვინც კი შემოიტანს ინდივიდუალურად ყველას შეუწყდება, ამ შემთხვევაში არის თხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის და ჩვენ ვალდებულები ვართ ის დავაკმაყოფილოთ. ამ ფორმალური კენჭისყრის სხვანაირად წარმოჩენა არის იმ დონის სპეკულაცია, რომელზეც არ ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო,”- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ნიკა მელიას 2019 წლის დეკემბერს, დეპუტატის მანდატი მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ერთხელ უკვე შეუჩერა. შემდეგ, მეათე მოწვევის პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. იგივე მოწვევის პარლამენტმა კი 5 ოქტომბერს დეპუტატობა ვადაზე ადრე შეუწყვიტა. ნიკა მელიას პოლიტიკური სტატუსი ამიერიდან, მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend