მთელი მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები და მილიარდერები პანდორას დოკუმენტების გამოქვეყნებით მიყენებული ზიანის მართვას ცდილობენ.
გამოქვეყნებული დოკუმენტები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერების მიერ ოფშორულ ანგარიშებზე ასობით მილიონი დოლარის გადამალვის შესახებ ინფორმაციას შეიცავენ. ეგრეთ წოდებული პანდორას დოკუმენტები გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა მოიპოვა.
იორდანიის მეფე აბდულა მეორე ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც პანდორას დოკუმენტებშია ნახსენები. სამეფო ოჯახის მეთაური საზღვარგარეთ უძრავ ქონებას ყიდულობდა მაშინ, როდესაც მისი ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვდა.
იორდანიის მეფის თქმით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო ეჭვის გაჩენას ემსახურება.
„სამწუხაროდ, ეს იორდანიის წინააღმდეგ აგორებული კამპანიაა. არსებობს ხალხი, რომელსაც ჩვენ შორის ურთიერთობების გაფუჭება სურს. მათ სურთ, გააჩინონ ეჭვი მაშინ, როდესაც მე არაფერი მაქვს დასამალი“, – ამბობს იორდანიის მეფე.
ჩილეს პრეზიდენტი სებასტიან პინიერა, რომელიც ასევე ფიგურირებს ეგრეთ წოდებულ პანდორას დოკუმენტებში, აცხადებს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს და მან კუთვნილი საბადო 2010 წელს ერთ-ერთ ახლო მეგობარს გადასცა.
“არც მე და ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ ვფლობთ საინვესტიციო კომპანიას საზღვარგარეთ“, – განაცხადა ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეგრეთ წოდებულ პანდორას დოკუმენტებში დასახელებული არ ყოფილა, თუმცა ინფორმაცია მონაკოში არსებულ თანხებთან დაკავშირებით დოკუმენტებში არსებობს.
პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.
“უცნობია, როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის ნდობა. ჩვენ ამ ბრალდებებს განვიხილავთ, განცხადებებს ვაკეთებთ და ამავე დროს გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ვრცელდება ეს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს გამოძიების დაწყების მიზეზი ვერ გახდება“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
უკრაინაში პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ეგრეთ წოდებული პანდორას დოკუმენტების სიაში მოხვედრას აღშფოთებით შეხვდნენ.
პეტრო პოროშენკო – უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი:
„პრეზიდენტ ზელენსკის ქმედებების გამო საერთაშორისო საზოგადოების თვალში უკრაინა გამოჩნდა, როგორც სახელმწიფო, რომლის ლიდერიც გლობალურ კორუფციაში არის ჩართული. ის საკუთარ მეგობარ კოლომოისკისთან ერთად მოპარულ ფულს ათეთრებს.“
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კი გადასახადებისათვის თავის არიდების პრაქტიკას აკრიტიკებს.
„ევროკავშირში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა გვაქვს. როგორც ვხედავთ, ეს საკმარისი არ არის და მეტი მუშაობა გვმართებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ეგრეთ წოდებული პანდორას დოკუმენტების გამოქვეყნების ფონზე ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრები ოფშორული საბანკო სისტემების ახალ, შავ სიაზე მუშაობენ.