ასობით მსოფლიო ლიდერის, პოლიტიკოსისა და მილიარდერის ფარული აქტივების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფინანსური დოკუმენტები საჯაროდ გავრცელდა. ახალ ოფშორულ დოსიეს Pandora Papers უწოდეს.
გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა, რომელშიც 650-ზე მეტი ჟურნალისტია გაწევრიანებული, შეისწავლა მილიონობით დოკუმენტი, რომლებიც შეიცავს ასობით პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის შესახებ ინფორმაციას.
ერთ-ერთი მათგანია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. სიაში ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ზონებში დაფუძნებული კომპანიები მოხვდა.
Pandora Papers-ის მასალებში თავმოყრილია იმ 14 ფირმიდან გამოჟონილი მასალები, რომლებიც კლიენტებს ოფშორულ ზონებში კომპანიების დაარსებაში ეხმარებიან.
Pandora Papers დაახლოებით 12 მილიონ ფაილს მოიცავს. დოკუმენტები გავრცელდა იმ კომპანიებიდან, რომლებიც მუშაობენ ვირჯინიის კუნძულებზე, კვიპროსზე, პანამაში, სინგაპურში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და შვეიცარიაში.
ინფორმაცია ვრცელდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეც, რომელსაც ფარული აქტივები აქვს მონაკოში, ასევე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრზე, მილიარდერ ანდრეი ბაბიშსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევზე. ილჰამ ალიევის ოჯახს ადანაშაულებდნენ საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტის ფლანგვაში. Pandora Papers მიუთითებს, რომ ალიევებს და მათთან დაახლოებულ პირებს კავშირი ჰქონდათ დიდ ბრიტანეთში დედოფლის კუთვნილებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებთან. ქონების ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარია.
ჟურნალისტთა კონსორციუმის წარმომადგენლის თქმით, გაჟონვის მასშტაბი უპრეცედენტოა და ის კარგად აჩვენებს, რა მომსახურებაზე მიუწვდებათ ხელი ოფშორულ კომპანიებს იმ კლიენტებისთვის, რომლებსაც საეჭვო შემოსავალი აქვთ ან გადასახადების თავიდან აცილება სურთ. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ გამოძიება პანდორას ყუთს გახსნის, სწორედ ამიტომ აქვს მას ეს სახელწოდება.
მასალა საკმაოდ ვრცელია და, სავარაუდოდ, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში Pandora Papers კიდევ რამდენიმე კვირა იქნება.