მთავარიევროპაბოსნია და ჰერცეგოვინავაქცინაციის დაბალი ტემპის გამო ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვაქცინებს ვადა გასდის

ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვაქცინებს ვადა გასდის

ბოსნია-ჰერცეგოვინის საავადმყოფოები კვლავ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით ივსება.

გაიზარდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების რაოდენობა და კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 10 500 ადამიანი გარდაიცვალა.

მთელ ქვეყანაში ვაქცინაციის ცენტრები დაცარიელებულია, მარაგში არსებულ ვაქცინებს კი ვადა გასდის.

ინფექციური დაავადებების სპეციალისტი ედნად დრლევიჩი აღნიშნავს, რომ მათ ვერ შეძლეს ვაქცინაციის კამპანიის სათანადოდ ხელშეწყობა. მისი თქმით, ამ პროცესს თავდაპირველად მხოლოდ უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდა, რადგან ხელისუფლებამ დააგვიანა ქვეყანაში ვაქცინების დროულად შემოტანა. თუმცა როდესაც შემოწირულებების წყალობით ქვეყანამ მიიღო ვაქცინა,  ადამიანებმა ვაქცინების შერჩევა დაიწყეს. მისი აზრით, ხალხს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

გასული წლის დეკემბერში, როდესაც ევროკავშირმა ვაქცინაციის მასობრივი კამპანია დაიწყო, ბალკანეთის ქვეყნებს დიდხანს მოუწიათ ლოდინი, რომ  ვაქცინა მიეღოთ. თუმცა გაზაფხულზე  შემოწირულებებითა თუ ხელისუფლების ხარჯით ქვეყანაში უკვე ნელ-ნელა შემოვიდა ვაქცინა.  თავდაპირველად ადგილობრივი მედიასაშუალებები აჩვენებდნენ, როგორ იდგნენ ადამიანები რიგში ვაქცინაციის ცენტრებთან, თუმცა მალევე ინტერესი მინელდა და ვაქცინაციის ტემპიც დაეცა.

ინფექციური დაავადებების სპეციალისტს ბაქირ ნაკასს მიაჩნია, რომ ჯანდაცვის მუშაკები, სპეციალისტები და დაწესებულებები უფრო უნდა გააქტიურდნენ, რათა ხალხს დაანახონ, რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გამოსავალი სწორედ ვაქცინაციაა. ნაკასს კი, სამწუხაროდ, ისეთი განცდა აქვს, რომ ვაქცინის მოწინააღმდეგეებს საშუალება ეძლევათ, გაავრცელონ საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია. ეს კი ხალხზე უარყოფითად მოქმედებს.

ბოლო ინფორმაციით, ბოსნიის 3.3-მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 13 პროცენტია სრულად აცრილი. აცრის მსურველ ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია,  დაელოდოს რომელიმე კონკრეტულ ვაქცინას, ვიდრე გაიკეთოს ის, რომელიც იმ მომენტშია ხელმისაწვდომი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend