საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოებაა. ამის გამო ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმიანობას ეწევიან და შემოსავალს იღებენ, უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
ფრანგ მეთევზეებს აინტერესებთ, რატომ მისცა დიდმა ბრიტანეთმა თავის ტერიტორიულ წყლებში 47-დან მხოლოდ 12 სათევზაო ნავს ლიცენზია.
ერთ-ერთი მეთევზე ჟან-მარი ბაე ამბობს, რომ ლიცენზიისთვის განაცხადი იანვარში გააკეთა. მეთევზეებმა თადარიგი დაიჭირეს და ყველა დოკუმენტი წარადგინეს, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი ამაოა.
საზღვაო კოოპერატივის აღმასრულებელი დირექტორის ეტიენ დაშიკურის თქმით, ამ რეგიონში ინგლისის ტერიტორიულ წყლებზე წვდომის ნებართვას გარკვეული დრო სჭირდება, დაახლოებით ოქტომბრიდან იანვრამდე. ფრანგები სწორედ ამ დროისთვის გაემართებიან. თუმცა, მისი აზრით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მანამდე ევროპული თევზმჭერი ფლოტის, მათ შორის ბელგიური და ჰოლანდიური ნავების 90%, საფრანგეთის წყლებში აღმოჩნდება.
კუნძულ ჯერსის ხელმძღვანელობამ კი 75 ფრანგულ ნავს თავის წყლებში თევზჭერა აუკრძალა. ბრიუსელში პრობლემის მოგვარებას ცდილობენ, თუმცა ევროკავშირის კომისარი თევზჭერის საკითხებში ამბობს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას.
ვირგინიუს სინკევიჩიუსი ამბობს, რომ მათ ჯერ არ იციან, თუ რა სახის ინფორმაციას ითხოვენ დამატებით, რადგან მონაწილეთა მხრიდან ყველა სახის დოკუმენტი იყო წარმოდგენილი. ისინი გააგრძელებენ ფრანგულ მხარესთან მჭიდროდ თანამშრომლობას, რათა პრობლემების მოგვარება დროულად შეძლონ.
პარიზში კი ფიქრობენ, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია და იმედოვნებენ, რომ გამოსავალი მალე მოიძებნება.