თბილისში საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა” ეროვნული სასახლის ეგიდით ჩატარდა.
ღონისძიებაში 100 ქართველი ახალგაზრდა მონაწილეობდა. მათ 4 სრულმეტრაჟიანი და 19 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეარჩიეს და მათ შორის გამარჯვებულები გამოავლინეს.
„ეს არის ფესტივალი, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდების განვითარებაზე. ახალგაზრდებს, რომლებსაც ვარჩევთ ფესტივალში მონაწილეობისთვის, არ მოეთხოვებათ, იყვნენ რეჟისორები ან მსახიობები. ისინი უბრალოდ ხელოვნებით არიან დაინტერესებული. ჩვენ მათთვის სპეციალურ პროგრამას ვარჩევთ როგორც მოკლემეტრაჟიანი, ასევე სრულმეტრაჟიანი ფილმების. საერთაშორისო კონკურსში მონაწილეები ასაკის მიხედვით შეირჩნენ, ისინი მონაწილეობენ, როგორც ჟიურის წევრები”, – ამბობს ახალგაზრდული კინოფესტივალის დირექტორი ლევან დვალი.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი გაგა ჩხაიძე ამბობს, რომ ფესტივალი „თაობა“ შექმნილია სწორედ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც უყვართ კინო და მომავალში აპირებენ ამ პროფესიის არჩევას.
სრულმეტრაჟიანი ფილმების სექციაში ახალგაზრდა აუდიტორიის რჩეული იტალიური ფილმი „მამაჩვენი” გახდა, ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში – „მიაუ“, რომლის რეჟისორი ვასილ შერბაკოვია. ფესტივალის ფარგლებში კინოთი დაინტერესებული ახალგაზრდები დაესწრნენ მასტერკლასებს, რომლებსაც ქართველი რეჟისორები და კინოინდუსტრიაში დასაქმებული პროფესიონალები ატარებდნენ.
„წლევანდელ ფესტივალზე ერთ-ერთი სიახლე იყო „თაობა TV”. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით სამი სპიკერი გვყავდა მოწვეული. ეს მიმართულებებია: კინო, ელექტრონული მუსიკა და ლიტერატურა. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი „თაობა TV” გახსნა ქართველმა რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა. მან ისაუბრა როგორც საკუთარ გამოცდილებაზე, ისე ახალგაზრდებს მისცა ძალიან საჭირო რჩევები, იმათ, ვინც ახლა აპირებს კინოში პირველი ნაბიჯების გადადგმას”, – ამბობს ახალგაზრდული კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნენო ქავთარაძე.
ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, სადაც გამარჯვებული ფილმები გამოავლინეს. დახურვის ცერემონიაზე, ასევე შესრულდა მუსიკა ქართული ფილმებიდან, თუმცა მუსიკოსები ფესტივალს დისტანციურად დაესწრნენ.
კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, ღონისძიება შეზღუდვების ფონზე ჩატარდა და მასში მხოლოდ ქართველი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.