საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ერთი წლით შინაპატიმრობა მიუსაჯა.
საფრანგეთის ყოფილ ლიდერს 2012 წელს საკუთარი საარჩევნო კამპანიისათვის ფინანსური რესურსების უკანონო გზით მოპოვება ედებოდა ბრალად.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკოლა სარკოზიმ ერთი წელიწადი შინაპატიმრობაში უნდა გაატაროს და ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს.
თავად ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ მან რიგი შეცდომები დაუშვა.
“მე შეცდომები დავუშვი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი სამართლიანად მოვქცეულიყავი, ვყოფილიყავი გულახდილი და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გამეკეთებინა მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტკივილიც განმიცდია“, – თქვა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ.
ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი 2007 წლიდან 2012 წლამდე იყო, სასამართლო პროცესის დროს, რომელიც ამ წლის მაისიდან ივნისამდე მიმდინარეობდა, ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფდა.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისას იგი თავად პარიზში არ იმყოფებოდა.
მას საარჩევნო კამპანიისას დაშვებულ რაოდენობაზე ორჯერ მეტი თანხის დახარჯვა ედებოდა ბრალად. მიუხედავად ამისა, მაშინ სარკოზიმ საპრეზიდენტო არჩევნები სოციალისტ ფრანსუა ოლანდთან წააგო.
მოსამართლის განცხადებით, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა კარგად უწყოდა საარჩევნო კამპანიის წარმოებისათვის გამოყენებული თანხის ლიმიტი.
შინაპატიმრობასთან ერთად ნიკოლა სარკოზის 4 ათას ევრომდე ჯარიმაც დააკისრეს. ნიკოლა სარკოზის განცხადებით, კამპანიისას გამოყენებული თანხის კანონით დადგენილი ზედმეტი ნაწილი არა მის საარჩევნო კამპანიას, არამედ გარკვეული პირების გამდიდრებას მოხმარდა