ეკლესიის კედლებზე დახატული მიმართულების მანიშნებელი ისრები ალბანეთისკენ მიმავალ გზას აჩვენებს.
ამ ნიშნებით ის მიგრანტები სარგებლობენ, რომლებიც საბერძნეთის გარდა სხვა ქვეყნებში ჩასვლას ცდილობენ. ბოლო დროს საბერძნეთსა და ალბანეთს შორის საზღვარი ევროპის შუაგულისკენ მიმავალ მთავარ გზად იქცა.
ამ მიდამოებში 50 – მდე ადამიანი მიტოვებული სასაზღვრო პუნქტის შენობაში აფარებს თავს. ახლოს მდებარე ტყე კი საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრშია, საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკიდან კი 220 კილომეტრში.
მიგრანტების ნაწილი საზღვრის გადაკვეთას საკუთარი ძალებით შეეცდება, ნაწილი კი დახმარებას თანხის სანაცვლოდ ელის.
ჰუსამ ჰდერი საბერძნეთში ერთი თვის წინ ჩამოვიდა, მან თურქეთის გავლით გზა კონტრაბანდისტების დახმარებით გაიარა, ეს კი მას ორი ათას ევროზე მეტი დაუჯდა.
“ალბანეთში მსურს ჩასვლა, ალბანეთის შემდეგ კი კოსოვოში, შემდეგ ბოსნია ჰერცოგოვინაში და ბოლოს იტალიაში. იტალიაში მე და ჩემს მეუღლეს მუშაობა გვსურს. ჩვენ იტალიაში ცხოვრება გვსურს“, – ამბობს მიგრანტი ჰუსამ ჰდერი.
მიქალის ცარიასი მეცხვარეა, რომელიც საზღვართან ახლოს საქმიანობს და ყოველდღე ხედავს ალბანეთის მიმართულებით მიმავალი მიგრანტების ჯგუფებს.
90-იან წლებში ალბანეთში კომუნისტური დიქტატურის დამხობის შემდეგ, საპირისპირო მიმართულებით ათასობით ადამიანი გადაადგილდებოდა საბერძნეთში სამსახურის პოვნის იმედით.
30 წლის შემდეგ კი, შედარებით უფრო პატარა მასშტაბით, იგივე სცენარი საპირისპირო მიმართულებით ვითარდება.
“მიგრანტების უმრავლესობა მთელი ოჯახებით გადაადგილდება. ზოგიერთი კი მარტო. მე ვხედავ ბავშვებსაც, ისინი დროებით ამ მიდამოებში აფარებენ თავს. ისინი საზღვართან ახლოს მდებარე ადგილებში დიდი ხნით ჩერდებიან ხოლმე, თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში. ისინი ალბანეთში ჩასვლას ცდილობენ. ზოგიერთი მათგანი ამას ახერხებს, ზოგს კი უკან აბრუნებენ. ისინი ერთმანეთთან მუდმივად კავშირში არიან. ისინი, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას ახერხებენ ტელეფონით დანარჩენებს საკუთარი წარმატების შესახებ ატყობინებენ“, – ამბობს მეცხვარე მიქალის ცარიასი.
ალბანეთში პოლიციის მიერ შეგროვებული სტატისტიკის თანახმად, საზღვრის უკანონო კვეთის მიზეზით დაკავებული პირების რაოდენობა გაზრდილია, ჩრდილოეთ მაკედონიაში კი ეს ციფრი პირიქით, იკლებს.
ალბანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ადრიან ბიტას განცხადებით, მისი სახელმწიფო შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს საზღვრის უკანონო კვეთაში ჩართული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.
უკვე ევროპის საზღვრებთან მიმდგარი და მიზანთან ახლოს მყოფი მიგრანტები კი გრძელი და რთული გზის გავლის შემდეგ ევროპაში უკეთესი ცხოვრების იმედს არ კარგავენ.