მიმდინარე წლის სექტემბერში იმ ადამიანების ისტორიული სასამართლო პროცესი გაიხსნა, რომლებიც, სავარაუდოდ, პარიზში 2015 წლის 13 ნოემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტში მონაწილეობდნენ.
25 წლის ესტელი მათ შორის აღმოჩნდა, ვინც თეატრ “ბატაკლან”-ში განხორცილებული თავდასხმის დროს დაიღუპა. მისი დედა მარი სასამართლოზე დასასწრებად ბრეტანიდან ჩამოვიდა. იგი ჩვენებას ოქტომბერში მისცემს.
მარი ბოლზერი, პარიზის ტერორისტული აქტის დროს გარდაცვლილი ქალიშვილის დედა:
„გამოსვლის დროს მხოლოდ იმაზე კი არ მსურს საუბარი, რაც 13 ნოემბერს მოხდა, არამედ იმაზეც, რაც მას შემდეგ, რამდენიმე დღის, თვისა და წლის განმავლობაში გადავიტანე, რადგან ამან ჩემი და კიდევ მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ეს ჭრილობები ჯერ არ მოშუშებულა.“
მარი დაგვთანხმდა, თავის ჭრილობებზე მოეთხრო. მას შემდეგ, რაც თავდასხმის ღამეს ქალიშვილის შეყვარებულისგან გოგონას სიკვდილის ამბავი შეიტყვეს, მარი და მისი მეუღლე პარიზში ჩავიდნენ. შვილის სხეული ამოსაცნობად ცოლ-ქმარი მხოლოდ ოთხდღიანი დამქანცველი დაკითხვის შემდეგ დაიბარეს პარიზის სასამართლოს ინსტიტუტში.
მარი ბოლზერი, პარიზის ტერორისტული აქტის დროს გარდაცვლილი ქალიშვილის დედა
„მდივანმა კაბინეტში დაგვსვა და რაღაც დოკუმენტები შეგვავსებინა. კითხვებს გვისვამდა, მაგალითად, „უკვე ნახეთ დაკრძალვის ორგანიზატორი? ეს უნდა გააკეთოთ. ქალიშვილს დაკრძალავთ, თუ კრემაცია გირჩევნიათ? გავშეშდით, ისიც კი არ ვიცოდით, რომ გოგონა იქ იყო… შემდეგ ჩვენი ქალიშვილი მხოლოდ ხუთი წუთით დაგვანახეს ფანჯრიდან. ამის მერე ერთი კვირა არავინ შეგვხმიანებია. მერე დაგვირეკეს დაკრძალვასთან დაკავშირებით, რომ ცხედარი წაგვესვენებინა. ხუთი ოჯახი ერთდროულად დაგვიბარეს დღის 2 საათზე, ხუთივე ერთად. დერეფანში შევედით. მორგის ხუთი ოთახი იყო ერთ რიგში და 100 თუ 150 კაცი ირეოდა, ყველა ერთდროულად დადიოდა. ზოგს მორგი შეეშალა. სრული ქაოსი იყო. ხალხი ყვიროდა, ზოგი დერეფანშივე ტიროდა და გული მისდიოდა. როდესაც ოთახში შევედით, გვითხრეს: სულ 30 წუთი გაქვთ.“ და სულ ეს იყო, 30 წუთი, მერე ქალიშვილის ცხედარი კუბოში ჩაასვენეს. შემდეგ კუბოები კატაფალკზე ერთმანეთის მიყოლებით დაალაგეს და დამთავრდა. ეს ყველაფერი არასოდეს დამავიწყდება…“
ეს მხოლოდ ერთია იმ მრავალ უსიამოვნებათაგან, რომელთა გადატანაც 2015 წლის თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ხალხს მოუწია. მიცვალებულთა იდენტიფიცირების დროს შეცდომებიც დაუშვეს, ზოგიერთმა ოჯახმა სხვისი მიცვალებული დაიტირა.
ექვსი წლის შემდეგ ტერორისტული აქტით დაზარალებულებზე ზრუნვისა და დახმარების მექანიზმები შეიცვალა და გადაუდებელი დახმარებიდან უფრო გრძელვადიან ფორმატში გადაინაცვლა.
პიტიე-სალპეტრიერის საავადმყოფოში ამბობენ, რომ წარსულის შეცდომებისგან კარგი გაკვეთილი მიიღეს.
მატიე რო 2015 წლის 13 ნოემბერს რამდენიმე ათეული დაჭრილის მიღებას ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალი ომისა და კრიზისული მდგომარეობის მართვაში გადაამზადეს, ახალი ტექნოლოგიური სისტემა შექმნეს, მათ შორის მსხვერპლთა ამოცნობის განყოფილებაც. ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც საავადმყოფომ მასობრივი თავდასხმის შემთხვევების სამართავად დანერგა.
მატიე რო, პიტიე-სალპეტრიერის საავადმყოფოში ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი:
“გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ, ბევრად სცილდება საავადმყოფოს ფარგლებს. ახლა უკეთ ვართ აღჭურვილი იმისთვის, რომ მსხვერპლის იდენტიფიცირება მოვახერხოთ, მათზე ზრუნვის მეტი შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ არ ვსაუბრობთ ჯანდაცვაზე, ამ მხრივ კარგი გამოცდილება გვაქვს, უფრო ფსიქოლოგიურ დახმარებას ვგულისხმობ. დავხვეწეთ მსხვერპლის ნათესავების დახმარების მეთოდები საავადმყოფოს ფარგლებში, მათ დაზარალებულის პოვნაშიც კი ვეხმარებით. ჩვენი მედპერსონალის უკეთ დახმარებაც ვისწავლეთ, რადგან გარკვეულ ტრავმას ისინიც იღებდნენ. “
ამ კუთხით საჯარო პოლიტიკას მართავს დაზარალებულთა დახმარების უწყებათაშორისი დელეგაცია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო უწევს მეთვალყურეობას. ეს ორგანო დაზარალებულებისა და მათი ოჯახების დახმარებაზე ზრუნავს, თან გრძელვადიან მონიტორინგს უწევს, განსკუთრებით ფსიქოლოგიური დახმარების, კომპენსაციისა და სამსახურში დაბრუნების მიმართულებით. ამ კუთხით ახალი მექანიზმებიც დაინერგა.
ფრედერიკ კალანდრა, საფრანგეთის დაზარალებულთა დახმარების უწყებათაშორისი დელეგაციის წევრი:
„2018 წელს ორი ციფრული ტექნოლოგიური სისტემა – „სინუსი“ [Sinus] და „სივიკი“ [Sivic] – შეიქმნა. ისინი დაზარალებულის იდენტიფიციკაციის დროს ამცირებენ ცდომილებას, როგორიცაა დუბლირება, ყალბი განგაში და ა.შ. ახლახან სივიკის შექმნის ბრძანება გამოიცა, სივიკი ტერორისტული აქტისა და სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულებზე გათვლილი უწყებათაშორისი საინფორმაციო სისტემაა. ეს ინფორმაციის გაზიარების სისტემის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯია. 11 ადმინისტრაცია და სულ მცირე შვიდი სამინისტროა ჩართული მასობრივი თავდასხმებისა თუ სტიქიური უბედურების ან რამე ექსტრემალური მოვლენის მართვაში, რომლის დროსაც ბევრი დაზარალებულია.“
კიდევ ერთი მექანიზმია კრიზისის განყოფილება, რომელსაც თავდასხმის, სტიქიური უბედურებისა და ნებისმიერი საგანგებო მდგომარეობის დროს პრემიერ-მინისტრი ან საშინაო საქმეთა სამინისტრო აამოქმედებს. „ევრონიუსმა“ გადაიღო ამ სისტემის საცდელი გაშვება სიმულაციური ტეორისტული აქტის შემთხვევაში.
ივ ოსდე, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიზისების მართვის განყოფილების დირექტორის მოადგილე:
“გვაქვს ცხელი ხაზი, რომელიც დაზარალებულთა ნათესავების ან თავად დაზარალებულებისგან შემოსულ ზარებს პასუხობს. ჩვენი სისტემა საშუალებას გვაძლევს, ერთდროულად 50-ზე მეტ ზარს ვუპასუხოთ. თუ მეტი ზარი შემოვა, შეგვიძლია „წითელი ჯვარი“ დავიხმაროთ. ჩვენი საპასუხო რეაქცია მოვლენის მასშტაბის ადეკვატურია.“
არტურ დენუვო „ბატაკლანის“ ტრაგედიას გადაურჩა. ახლა 13 ნოემბრის თავდასხმის შედეგად დაზარალებულთა ასოციაციის პრეზიდენტია. ორგანიზაციას „სიცოცხლე პარიზისთვის“ ჰქვია. იგი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ბევრი იბრძოლეს, რომ ტერორისტული აქტით დაზარალებულთა მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ, განსაკუთრებით კომპენსაციის, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებასთან დაკავშირებული ხარჯის კუთხით. სასამართლოზე მოწმის ჩვენებას მისცემს, რაც, მისი აზრით, დაზარალებულებს დაეხმარება, ახალი ცხოვრება დაიწყონ.
არტურ დენუვო, ასოციაციის „სიცოცხლე პარიზისთვის“ პრეზიდენტი:
„ჩვენ მართლა ვიბრძოლეთ, რომ მსხვერპლის სტატუსი სწორად აღექვათ, რათა დაზარალებულებმა იცოდნენ, რა ეკუთვნით. შემდეგ დავფიქრდით, თუ რა ადვილად შეიძლება მსხვერპლად იქცე. ეს ძალიან სწრაფად ხდება. საკითხავია, რამდენად გვაძლევს სახელმწიფო, საზოგადოება და თავად დაზარალებულები იმის საშუალებას, რომ მთელი ცხოვრება აღარ ვიყოთ მსხვერპლის როლში? სწორედ ეს იყო ჩვენი ბრძოლის მთავარი მიზეზი, მაგრამ ეს ჯერ არ დასრულებულა, რადგან მისი ნაწილი შენზეა დამოკიდებული. უნდა დადგეს დრო, როდესაც თავად შეძლებ ამ იარლიყის მოშორებას.“
ჟან-პიერ ალბერტინის აზრით, რომლის ვაჟი სტეფანიც „ბატაკლანის“ ტრაგედიას შეეწირა, მთავარი სულ სხვა რამ არის.
თავის წიგნში, რომელიც მან შვილის ხსოვნას მიუძღვნა, ჟან-პიერი სვამს კითხვას, რა ნაბიჯები გადაიდგა რადიკალური ისლამის წინააღმდეგ.
ჟან-პიერ ალბერტინი, პარიზის „ბატაკლანის“ ტრაგედიის დროს გარდაცვლილის მამა:
“ტერორიზმის შედეგად დაზარალებულებს მედალს აძლევენ.
როდესაც სახელმწიფო ამჯობინებს, მედალი მისცეს გარკვეული იდეოლოგიის დამარცხების იდეას, ამით აღიარებს, რომ ჩიხშია შესული. როდესაც, ფაქტობრივად, აღიარებ მსხვერპლის არსებობას, მაგრამ, არ შეგიძლია მისი რაოდენობის შეზღუდვა…რაღა ვთქვა“.
თუმცა 2017 წლის შემდეგ ჯიჰადისტების რამდენიმე ათეული თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა საფრანგეთსა და ევროპაში.
მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა 2015 წლის მწარე გამოცდილების შემდეგ, როდესაც ტერორისტული აქტი განახორცილეს პირებმა, რომლებზეც ევროპის სადაზვერვო სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, ამბობს საერთაშორისო ტერორიზმის ექსპერტი.
ჟან-ჩარლზ ბრისარი, ტერორიზმის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი:
“ჩვენ სწრაფად მივხვდით, რომ ეს ქსელები ტრანსნაციონალური იყო, რომ ისინი საზღვრებს არ ექვემდებარებიან, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ უცხოელი კოლეგებისთვის ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაგვეზიარებინა. სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა გაუმჯობესებულია. ეს უკვე შესამჩნევია და მნიშვნელოვანია სამომავლოდ. გარდა ამისა, ის ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც საფრთხეს გვიქმნიან, სამხედრო იერიშების შედეგად საკმაოდ დასუსტდნენ. ამ ჯგუფებს ისევ სურთ, დაგვარტყან და ჩვენ ეს ვიცით. მაგრამ ვთვლით, რომ ეს რისკი ბევრად დაბალია დღეს, ვიდრე ქვეყნის შიგნით არსებული საფრთხე.“
ეს ის საფრთხეა, რომლის გამოც შიდა დაზვერვის სამსახური წინა ხაზზე აღმოჩნდა. მხოლოდ საფრანგეთში ამ სამსახურის მასშტაბი 2015 წლის შემდეგ ორჯერ გაიზარდა.
ავტორი: ვალერი გორია