მთავარიფოკუსიქართული ეკოტურიზმი გარემოსაც იცავს და ეკონომიკასაც ახალისებს

ქართული ეკოტურიზმი გარემოსაც იცავს და ეკონომიკასაც ახალისებს

აქაურობა ამაზონს ჰგავს, მაგრამ ეს ევროპაა! მე საქართველოში ვიმყოფები, ჩემ ირგვლივ კი განსაკუთრებული ტროპიკული ტყეა, რომელიც იუნესკომ სულ ახლახან მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ შეიძლება ბიომრავალფეროვნების დაცვა ისე, რომ სასარგებლო იყოს როგორც გარემოს, ისე ეკონომიკისთვის.

ჩვენ შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე ვიმყოფებით. აქ კოლხეთის ეკოსისტემამ ჩამოყალიბება 20 მილიონი წლის წინ დაიწყო. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იცავდა ამ ფაქიზ ლანდშაფტს, ახლა კი იუნესკომ საერთაშორისო აღიარება მიანიჭა.

თამარ ხახიშვილი, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე:

„კოლხეთის ტროპიკულ ტყეებში საუკუნოვანი ხეებია, რომლებიც გამყინვარების პერიოდს გადაურჩნენ და მესამეული სისტემიდან მოყოლებული უწყვეტად ხარობენ…. აქ ძალიან ბევრ იშვიათ სახეობას შეხვდებით, უნიკალურ ენდემურ და რელიქტურ სახეობებს.“

ეს ერთადერთი ადგილია, სადაც უძველესი ტროპიკული ტყე და ჭაობი ერთადაა. ისპანის ტორფნარი ამის შესანიშნავი მაგალითია.

ტორფნარზე სიარული მხოლოდ სპეციალური აღჭღურვილობით შეიძლება, რომელსაც ფეხზე ამაგრებენ, რათა არ გაითელოს თეთრი ხავსი, რომელიც ისპანის  ჭაობს ფარავს.

კოლხეთის ტორფნარი უნიკალური შემადგენლობისაა, მისი 80 პროცენტი წყალია.

იზოლდა მაჭუტაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერი:

„წარმოიდგინეთ გადმობრუნებული ტბა, რომლის სიღრმეც არის 5 მეტრი და ზემოდან კი, აი, ეს სფაგნუმის საფარია. როდესაც ზედ დავდივართ, ის, როგორც ბატუტი, ისე ირხევა.“

საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვედრა ბუნების დაცვის მიზნით ფინანსების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ისინი უფრო მეტსაც გეგმავენ.

თამარ ხახიშვილი, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე:

“როდესაც დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის მივიღებთ დაფინანსებას, მის რეინვესტირებას სოფლის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში მოვახდენთ. ადგილობრივ მოსახლეობას დავეხმარებით ბიზნესის დაწყებაში, რომ მათ საკუთარი საოჯახო სასტუმროები მოაწყონ და ა.შ.“

მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ახლადშეტანილი საქართველოს ოთხი ტერიტორიიდან სამი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარეობს. მისი დედაქალაქი ბათუმი მთელი წლის განმავლობაში რჩება ტურისტულ მიმართულებად.

საკითხავია,  როგორ აისახება იუნესკოს გადაწყვეტილება ტურისტულ სექტორზე?

თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარე:

„ეს უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი ტურიზმისთვის, რომ ის კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს, ჩვენი რეგიონი კი უფრო მიმზიდველი იყოს.  ეს დამატებითი სტიმული იქნება ეკონომიკისთვის.“

ბათუმიდან მოშორებით კინტრიშის ეროვნულ პარკს ტურისტების მისაღებად ამზადებენ.

თინათინ ზოიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ტბამდე მიმავალი  ბილიკების გაყვანა, ასევე ბუნების მოყვარულებისთვის რამდენიმე თავშესაფარს ვაწყობთ.“

სანამ ეს უნიკალური ეკოსისტემა ტურისტებს მასპინძლობს და ვითარდება, საქართველო  დაცული ტერიტორიების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

ავტორი: მონიკა პინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend