მთავარიევროპარუსეთიალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა. საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ნავალნისა და მის რამდენიმე თანამებრძოლს ექსტრემისტული ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. ალექსეი ნავალნი ამჟამად სასჯელს თაღლითობის ბრალდებით იხდის.

რუსეთში საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნისა და მისი თანამებრძოლების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა. მათ ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ ექსტრემისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობის გამო.

საგამოძიებო კომიტეტში მიაჩნიათ, რომ დანაშაულია ანტიკორუფციული ფონდის შექმნა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. გამოძიების თანახმად, მისი მონაწილეები ცდილობდნენ, შეეცვალათ კონსტიტუციური საფუძვლები, შეერყიათ სახელმწიფოს ერთიანობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

ნავალნის გარდა, სისხლის სამართლის ახალ საქმეში ნახსენები არიან ფონდის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელი ლეონიდ ვოლკოვი და ნავალნის ჯგუფის ხელმძღვანელი ივან ჟდანოვი.

საგამოძიებო კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ ნავალნის მხარდამჭერთა განცხადებები შესაძლოა ექსტრემისტული საქმიანობის  მტკიცებულებად გამოიყენონ. მათი აზრით, რამდენიმე ადგილობრივი აქტივისტი დემონსტრაციების დროს ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდებდა, მათგან ერთ-ერთს კი ინტერნეტის საშუალებით სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო ადანაშაულებენ.

ნავალნი ახლა პატიმრობაში იმყოფება თაღლითობის ბრალდებით. იგი გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს. გერმანიაში ნავალნი მოწამვლის გამო მკურნალობის კურსს გადიოდა, დაბრუნების შემდეგ კი მას პირობითი მსჯავრი პატიმრობით შეეცვალა.

ევროპული ლაბორატორიების მკვლევრებმა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს. ნავალნიმ მოწამვლაში კრემლი და პირადად ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა.

კრემლში უარყოფენ ყველა ბრალდებას. ოპოზიციის ლიდერს მოიხსენებენ, როგორც ბლოგერსა და დამნაშავეს. მათ მიაჩნიათ, რომ იგი რუსეთის მოქალაქეებს შორის უმნიშვნელო მხარდაჭერით სარგებლობს. პოლიტიკოსის წინააღმდეგ არა ერთი საქმე აღიძრა. ზოგიერთი მისი თანამებრძოლი კი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend