მთავარისაქართველო4 ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა განახლდება

4 ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა განახლდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მთავრობას მიმართა რეკომენდაციით, რომ ვაქცინაცია მასწავლებლებისთვის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის სავალდებულო გახდეს. თუმცა, მთავრობას ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამასობაში კი, მომავალი კვირიდან, ანუ 4 ოქტომბრიდან აღსაზრდელები საბავშვო ბაღებში დაბრუნდებიან, მოსწავლეები კი – საკლასო ოთახებში. ასე იქნება მთელ საქართველოში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აუდიტორიებს დაუბრუნდებიან პროფესიული კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებიც, თუმცა ასევე ეს ცალკეული სასწავლო დაწესებულებების გადაწყვეტილებაზეც არის დამოკიდებული.

დაცარიელებულ საკლასო ოთახებს მოსწავლეები ოთხი ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ სურვილის შემთხვევაში, ყველა მოსწავლესა და სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა, დარჩეს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.

„ჩვენი სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ კამპანიას, იმისთვის, რომ სკოლის მასწავლებლები, მთლიანად, სკოლის პერსონალი, იყოს მაქსიმალურად აცრილი. კიდევ ერთხელ მინდა, გავამახვილო ყურადღება, ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებიც იყვნენ აცრილები“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

„ყველა დირექტორმა იცოდეს, თუ რამდენია მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა აიცრას ის, ვინც არ არის აცრილი. ამავე დროს დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეისწავლონ თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილები“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

პარალელურად ეპიდემიოლოგები ვაქცინაციაზე საუბრობენ. საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით კიდევ 11 ათას 400-ზე მეტი პირი აიცრა, რაც, ეპიდემიოლოგების შეფასებით, დაბალი დღიური მაჩვენებელია. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომდევნო კვირიდან უფრო მეტი გამსვლელი ბრიგადა იმუშავებს, განსაკუთრებით სასკოლო და საუნივერსიტეტო გარემოში.

„ჩვენ დღეს მცირე ასაკის ბავშვებში, ბუნებრივია ვაქცინაციაზე ვერ ვისაუბრებთ, ამდენად, ყველაზე კარგი დაცვის საშუალება ბავშვისთვის არის მისი გარემოცვის ვაქცინაცია. ასე რომ, მშობლებისთვის კიდევ ერთი მოწოდება და თხოვნა, რომ აიცრან თუკი ჯერ ეს არ გაუკეთებიათ, რადგან ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ სასკოლო გარემოში თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება და სკოლა რომელიც გაიხსნება, დარჩეს გახსნილი სტაბილურად მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

„ჩვენ მარტივი არჩევანი გვაქვს – ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან არ ვიკეთებთ ვაქცინას და მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ეს რიცხვები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ტვირთი“, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი სრულყოფილად გაგრძელდეს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს კვლავ აცრისკენ მოუწოდებენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend