შვეიცარიის ქუჩებში ლგბტ თემის აქტივისტები რეფერენდუმის შედეგებს აღნიშნავენ. 26 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმში შვეიცარიელმა ამომრჩეველმა ერთნაირსქესიანი ქორწინების სასარგებლოდ მისცა ხმა. ქორწინებას ამომრჩეველთა 64-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
„დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ, ლგბტ თემი ძალიან ბედნიერია. ეს ჩვეთვის და შვეიცარიისთვის ისტორიული დღე და წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ამას ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ველოდით. ეს ინიციატივა 2013 წელს წამოვიწყეთ, თუმცა 8 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ხმა მიგვეცა“, – თქვა ჟენევის ლგბტ ასოციაციის პრეზიდენტმა ლაურა რუსომ.
ახალი კანონის მიხედვით, ერთნაირსქესიან პარტნიორებს ჰეტეროსექსუალ წყვილბთან გათანაბრებული უფლებები ექნებათ. მათ შვილის აყვანისა და მეუღლისთვის თავიანთი მოქალაქეობის მიცემა შეეძლებათ. ერთნაირსქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგებს კი მიაჩნიათ, რომ ახალი კანონი მამაკაცსა და ქალს შორის დაფუძნებულ ოჯახს ძირს უთხრის.
„ჩემს თავს ვეკითხები, არის თუ არა ეს წინ გადადგმული ნაბიჯი ბავშვთა უფლებების მხრივ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს კარგ შედეგს გამოიღებს. ჩვენ შეგვეძლო, მეტი დრო დაგვეთმო, რომ უკეთ გაგვეაზრებინა, თუ რა გავლენას მოახდენდა ეს ამბავი. როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, შეიძლებოდა, სხვა გამოსავალი გვეპოვა“, – ამბობს „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის“ წევრი ბენჟამენ როდუი.
ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერები ამბობენ, რომ ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების დაკანონებას რამდენიმე თვე დასჭირდება ადმინისტრაციული და საკანონმდებლო პროცედურების გამო.