ზუსტად 28 წლის წინ, 1993 წელს, შეიარაღებული კონფლიქტის გადამწყვეტი ბრძოლა იყო. და იმ დღეს სოხუმი დაეცა… მაშინ, სეპარატისტულმა ძალებმა, აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს. იმ დროისათვის, მხოლოდ კოდორის ხეობა გადაურჩა ოკუპაციას. 28 წლის წინ ამ ომს ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით პირი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
1992-93 წლებში, სამხედრო კონფლიქტი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტულ ძალებს შორის ცამეტ თვესა და ცამეტ დღეს გაგრძელდა. სეპარატისტებს ამ ომში მხარს უჭერდნენ დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ-კავკასიიდან, ასევე, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული სამხედრო ბაზის შენაერთიც. ქართული ჯარების დამარცხებამდე ორი თვით ადრე, სოჭში გაფორმდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ ეს პირობა სეპარატისტულმა ძალებმა მალე დაარღვიეს. 16 სექტემბერს მათ სოხუმზე მიიტანეს იერიში – ზღვიდან, ციდან და ხმელეთიდან, 27 სექტემბერს კი ქალაქი აიღეს.
ბევრი ცდილობდა ომს გაქცეოდა. სახლებს ტოვებდნენ და გარბოდნენ, რადგან მათთვის იქ ყოფნა უსაფრთხო არ იყო. სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა დაიწყო. 250 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.
დევნილთა ნაწილი კოდორის ხეობის გავლით, ფეხით წამოვიდა აფხაზეთიდან. ეს უმძიმესი გზა იყო. ძალიან ბევრმა ვერ გაუძლო და გზაში დაიღუპა. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. დღემდე არ არსებობს ზუსტი მონაცემები, რომლებიც ამ ტრაგედიის მასშტაბებს წარმოაჩენდა.
სოხუმის დაცემიდან 15 წლის თავზე, მეორე ომის შემდეგ, როცა უკვე ზემო აფხაზეთის, კოდორის ხეობის ოკუპაციაც მოხდა, რუსეთმა და კიდევ ოთხმა ქვეყანამ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა მას საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. დევნილები ჯერაც არ დაბრუნებულან აფხაზეთში და მათ სახლებში კვლავ სხვები ცხოვრობენ. საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისთვის კი აფხაზეთი დღემდე რჩება მონატრებულ და მიუწვდომელ მხარედ.
სოფო მაქაცარია