მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში კანცლერობის კანდიდატებმა ძლიერი ევროპის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

გერმანიაში კანცლერობის კანდიდატებმა ძლიერი ევროპის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

გერმანიაში წინასაარჩევნოდ გამართულ ბოლო დებატებში შვიდი პარტიის თავმჯდომარემ ბევრ საკითხზე ისაუბრა.

ყურადღების ცენტრში ის სამი კანდიდატი იყო, რომლებიც წინასწარი მონაცემებით, ლიდერობენ.

კანცლერობის კანდიდატებმა საგარეო პოლიტიკასა და ძლიერი ევროპის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კანცლერობის კანდიდატი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი, მათ შორის არის ძლიერი ევროკავშირის საკითხი.

„აუცილებელია, დავადასტურო, რომ არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მათ შორის არის ძლიერი ევროკავშირი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ჩვენს როლს არ ვასრულებთ. ეს ასევე მოიცავს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ეს ასეთი კრიტიკულია. ასევე საჭიროა ახლო კავშირი ნატოსთან“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ანგელა მერკელის პარტიიდან, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“ კანცლერობის კანდიდატი არმინ ლაშეტი ამბობს, რომ დღეს უფრო მეტი ევროპაა საჭირო.

„ევროპა ერთიანი უნდა იყოს. უნდა წამოვიწყოთ ერთობლივი პროექტები, მათ შორის შეიარაღებასთან დაკავშირებული პროექტები, რომ მაშინაც შევძლოთ მოქმედება, როცა ამერიკის შეერთებული შტატები შეიარაღებულ ძალებს გაიყვანს“, – თქვა არმინ ლაშეტმა.

„მწვანეთა პარტიის“ კანცლერობის კანდიდატს ანალენა ბერბოკს სურს, რომ ჩინეთთან მიმართებაში ევროპა საერთო მიდგომაზე შეთანხმდეს.

„მინდა, რომ ჩინეთთან დაკავშირებით საერთო ევროპულ პოლიტიკაზე ჩამოვყალიბდეთ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ არ ვიმოქმედოთ. ასეთი კონკურენციისას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ევროპა ვართ. ჩვენ სტრატეგიული დამოუკიდებლობა გვაქვს, რაც ახალი ევროპული საგარეო და ადამიანის უფლებების პოლიტიკის წინაპირობაა“, – ამბობს ანალენა ბერბოკი.

მერკელის პარტია და მისი კანდიდატი არმინ ლაშეტი მხოლოდ მცირედით ჩამორჩება „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს, ოლაფ შოლცს. რაც შეეხება „მწვანეთა პარტიას“, ის მესამე ადგილზეა, თუმცა მთავრობის ჩამოყალიბებაში შეიძლება პარტიამ დიდი როლი შეასრულოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend