მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში ელექტროენერგიის გადასახადი 40 პროცენტით იზრდება

ევროპაში ელექტროენერგიის გადასახადი 40 პროცენტით იზრდება

ევროპაში ელექტროენერგიის ფასები იზრდება. ახლო წარსულში ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა არავის ახსოვს. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, იტალიაში, ენერგიაზე გადასახადი 40 პროცენტით გაიზრდება, რაც ევროპის მოსახლეობისთვის დიდი ხარჯი იქნება.

ფასების ზრდაში ბევრი ევროკავშირს ადანაშაულებს. მათ მიაჩნიათ, რომ გაზრდილი ფასები გამოიწვია ე.წ. მწვანე შეთანხმებამ, რომლის მიზანია, რომ 2050 წლისთვის ევროპა პირველი კლიმატნეიტრალური კონტინენტი გახდეს.

ევროპის მომხმარებელთა ასოციაციაში კი მიიჩნევენ, რომ ფასების ზრდა წიაღისეული საწვავის გამოყენებას უკავშირდება.

„სინამდვილეში გადასახადების მატებას იწვევს ის, რომ ჩვენ ვიყენებთ წიაღისეულ საწვავს, ბენზინსა და ბუნებრივ აირს. ევროპის მომხმარებელთა ასოციაცია ითხოვს, უფრო სწრაფად გადავიდეთ განახლებადი ენერგიის სისტემაზე, ქარისა და მზის პანელების ენერგიებზე. ასევე ტრანსპორტის, გათბობისა და კონდიცირების ელექტრომოდელზე გადაყვანას ვემხრობით“, – ამბობს ევროპის მომხმარებელთა ასოციაციის წარმომადგენელი დიმიტრი ვერგნე.

თუმცა განახლებად ენერგიებზე გადასვლას წლები დასჭირდება. ბევრი ევროპელი კი ახლა ენერგიის ნაკლებობას განიცდის. ბრიუსელის მონაცემებით, 34 მილიონი ევროპელი მოქალაქე სახლის სათანადო გათბობას ვერ ახერხებს. ევროკომისია კლიმატის სოციალური ფონდის შექმნაზე მუშაობს.

„ეს არის 2019 წლის ეგრეთწოდებული სუფთა ენერგიის პაკეტი, რომლის მიხედვით, მომხმარებელი მაღალი გადასახადებისგან დაცული უნდა იყოს. ხოლო მათ ვისაც გადახდა არ შეუძლია სპეციალური პრობაცია შესთავაზოს. თუ მომხმარებელი გადასახადს ვეღარ იხდის, მისთვის ელექტროენერგიის გათიშვა აუცილებელი არ არის. ეს ერთ-ერთი გამოსავალია. არის წევრი ქვეყნები, სადაც ასეთ დროს მომხმარებელს სპეციალურ ტარიფებს სთავაზობენ. ასევე რამდენიმე ქვეყანაში მომხმარებელს შეუძლია ძველი დანადგარი, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს, ახლით შეცვალონ“, – განაცხადა დენის ჰესელინგმა, ევროკავშირის ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელმა.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკოსებმა პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე უფრო მეტად უნდა აიღონ, ბრიუსელი კი, მათი აზრით, პოლიტიკური თვალსაზრისით, სუსტია.

„გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ დამტკიცების შემდეგ რუსულ-გერმანული ხედვა, რომელიც ევროპის საერთო ხედვას არ წარმოადგენს, პატივს არ სცემს უკრაინის ტერიტორიას. მან შეასუსტა ევროპის პოზიცია, როგორც საერთო სარგებლის მოტანის გარანტი. ეს ბრიუსელის ბრალია. ევროკავშირს გამბედაობა არ ეყო, გერმანიისთვის უარი ეთქვა“, – თქვა ანალიტიკოსმა კარლო ანდრეა ბოლინომ ევრონიუსთან საუბარში.

ევროკომისია ელექტროენერგიის ფასების ზრდას აკვირდება და მისი აზრით, განახლებადი ენერგიის სისტემებში ინვესტიციების ჩადებაა საჭირო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend