მთავარიმსოფლიოანკარა და ერევანი - შედგება თუ არა შერიგება

ანკარა და ერევანი – შედგება თუ არა შერიგება

მთიანი ყარაბაღის მეორე ომმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცვლილებები მოიტანა პირველ რიგში უსაფრთხოებისა და ძალთა ბალანსის თვალსაზრისით.

ერთის მხრივ შედგა სეპარატისტების დამარცხების პრეცენდენტი, მეორე მხრივ კი უფრო გაიზარდა რუსეთის ფედერაციის გავლენა რეგიონში.

მინიმუმ 5 წლით, 2 ათასამდე ეგრეთწოდებული რუსი მშვიდობისმყოფელი განთავსდა რეგიონში, რაც სამხრეთ კავკასიაში დამატებით 2 ათას რუს ჯარისკაცს ნიშნავს.

მთიანი ყარაბაღის მეორე ომს მოჰყვა აქამდე ერთი შეხედვით წარმოუდგენელი დიპლომატიური ნაბიჯებიც, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას მან ქართველ კოლეგას თურქეთის რესპუბლიკის ლიდერთან შეხვედრის გასამართად შუამდგომლობა სთხოვა.

თურქი ლიდერის თქმით, ის მზად არის დიალოგისათვის მაგრამ შეხვედრამდე სომხურმა მხარემ სატრანსპორტო მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთსა და სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობები არ დაუმყარებიათ, ორი ერის ურთიერთობა უარყოფითი ისტორიული მოვლენებით სავსეა. ამ ისტორიული ფონის გათვალისწინებით, ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობების ნორმალიზება ნამდვილად საინტერესო მოვლენაა.

თურქეთის რესპუბლიკის ლიდერმა გაეროს რიგით 76 გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:

“სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. თავდაცვის უფლების გამოყენებით აზერბაიჯანმა  ტერიტორიის ოკუპაციას ბოლო მოუღო, ამ მიმართულებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი წლების განმავლობაში არ სრულდებოდა. მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძლევადიანი მშვიდობის დამყარებისათვის მთელი რიგი შესაძლებლობები შექმნა“, – განაცხადა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

თურქეთის რესპუბლიკასა და სომხეთს შორის ურთიერთობებზე სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიამ” საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი გიორგი კობერიძე მოიწვია. მასთან ნიკოლ ფაშინიანის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მოსკოვის რეაქციაზე, ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობების შესაძლო დათბობის ფონზე თბილისისათვის შესაძლო შედეგებზე და საქართველოს კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით თურქეთის შესაძლო როლზე ვისაუბრეთ.

სამხრეთ კავკასია, საერთაშორისო ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიო გეოპოლიტიკაში.

თბილისის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა საერთაშორისო დინამიკის შესაბამისად უნდა ვითარდებოდეს, მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ქვეყნის ერთიანობისა და ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფა.

საერთაშორისო ამბების მიმომხილველი ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend