მთავარიUnreported Europeკვირპროსის ყველის დიპლომატია

კვირპროსის ყველის დიპლომატია

შეძლებს ყველი „ჰალუმი“ კვიპროსზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის ხიდი აღადგინოს?

ეს უბრალოდ ყველი არ არის. ეს განხეთქილების სიმბოლოა  და შესაძლოა, იმედიც, რომელიც  ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გეოპოლიტიკური კონფლიქტის ზონაში გაჩნდა.

კვიპროსის დედაქალაქში ტავერნა THE PORTICO OF DIMITRIS-ის მენიუში ყოველთვის ნახავთ „ჰალუმს“  [Halloumi], რომელიც წელვადი, მარილიანი, შერეული რძისგან დამზადებული ყველია.

ტავერნის მფლობელი მარინოს კაფსისი გვიხსნის, რომ „ჰალუმი“ მათთვის განსაკუთრებული პროდუქტია.

„სხვა ყველის სახეობებისგან განსხვავებით, ჰალუმი შეგიძლია შებრაწო ან მოხარშო და არ გადნება. შეგიძლია ნედლად მიირთვა ხილთან ერთად, ან წაიხემსო. ჰალუმი ჩვენთვის ტრადიციას ნიშნავს, საუკუნოვან ტრადიციას,“- ამბობს იგი.

ჰალუმის მოყვარულებს სიხარულის საფუძველი აქვთ. ევროკავშირმა ეს  ყველი ადგილწარმოშობის დასახელებად აღიარა. ეს ევროკავშირის მასშტაბით საკვების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ნიშანი იქნება.

2021 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ეს აღიარება ძალაში შევა, ამ კუნძულზე დამზადებული ყველი უცხოეთში სწორედ ამ სახელით გავა.

ჰალუმი კვიპროსის რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია, ამიტომ ყველის ინდუსტრია 20 ათას ადამიანს ასაქმებს. მწარმოებლები ამბობენ, რომ ახალი აღიარება ახალ პერსპექტივებს ქმნის ბაზარზე.

მარიოს კონსტანტინუ, რძის საწარმო CHARALAMBIDES CHRISTIS DAIRY PRODUCTS-ის დირექტორი:

„ეს ნიშანი სრულ დაცვას ნიშნავს იმ გეოგრაფულ არეალში, სადაც ადგილწარმოშობის დასახელებას აღიარებენ, ჩვენს შემთხვევაში  – ევროკავშირში. ეს, თავისთავად, მომავალში ჰალუმის ექსპორტის ზრდის რესურსს მოგვცემს არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში.“

მაგრამ ხარისხის ამ ნიშანს აქ გარკვეული სირთულეც ახლავს.

1974 წლის თურქეთის ოკუპაციის შემდეგ ორად გაყოფილმა კუნძულმა,  ფაქტობრივად, ორი ადგილწარმოშობის დასახელების აღიარება მოიპოვა, ერთია სახელწოდება „ჰალუმი“ და მეორე – „ჰელიმი“ [Hellim], როგორც ამ ყველს თვითგამოცხადებულ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში უწოდებენ, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს.

ეს ყველის დიპლომატია, ცოტა არ იყოს, რთული მისაღებია  კვიპროსის რესპუბლიკის ყველის მწარმობელთათვის, რომლებსაც ჩრდილოეთის იაფი ნედლეულისა და მუშახელის კონკურენცია, ასევე პროდუქტის უსაფრთხოების განსხვავებული სტანდარტები აფიქრებთ.

მიუხედავად ამისა, კვიპროსის რესპუბლიკა ამ ორმაგ ნიშანს აღიარებს.

სოკრატის სოკრატუსი, კვიპროსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელი:

„ჰალუმის საერთაშორისო ბაზარს დიდი პოტენციალი აქვს და გვჯერა, რომ იქ გასაღდება  როგორც ბერძნული, ისე თურქული კვიპროსის ნაწარმი.  გარდამავალ პერიოდს გარკვეული დრო დასჭირდება და ვნახავთ, რა მოხდება.  ჩვენი სამინისტრო დააკვირდება გარდამავალ პერიოდს და თუ ჩვენს მწარმოებლებს მხარდაჭერა დასჭირდებათ, ჩვენ ჩავერევით.“

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე კუნძულის ჩრდილოეთით, გაეროს ბუფერულ ზონაში?

ყველს ხარისხის ნიშანი ექნება თუ არა, არაღიარებული თურქული კვირპოსის ყველის მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე ყველის გატანის ნება მაინც არ აქვთ, რადგან ევროპის ოფიციალური სავაჭრო პარტნიორი მხოლოდ კვიპროსის რესპუბლიკაა. ამიტომ კომპლექსური მოლპარაკებები მიმდინარეობს. „ჰელიმის“ მწარმოებლები ოფიციალურ კვიპროსს ვითარების სტაგნაციაში სდებენ ბრალს.

რძის საწარმო GÜLGÜN DAIRY PRODUCTS-ი 20 სახეობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის რძეს, ნაღებს, კარაქსა და ნაყინს. გარდა ამისა, აქ დღეში 6 ტონა-ნახევარ „ჰელიმს“ აწარმოებენ, რომელიც ექსპორტზე ძირითადად თურქეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში გადის.

ალი ბაირაკტარი, GÜLGÜN DAIRY PRODUCTS-ის ექსპორტის მენჯერი:

„ჰალუმი არც კვიპროსის ჩრდილოეთს ეკუთვნის, არც სამხრეთს, აღმოსავლეთსა თუ დასავლეთს. „ჰალუმი“ კვიპროსის პროდუქტია, რომელსაც კუნძულზე ჯერ კიდევ თურქებისა და ბერძნების მოსვლამდე აწარმოებდნენ. მნიშვნელობა არ აქვს, კუნძულის რომელ ნაწილში ამზადებენ, ჰალუმი ჰალუმია.  აქ [კვიპროსის არაღიარებულ თურქულ ნაწილში] თითქმის 50-60 ათასი კაცია ჩართული ჰალუმის ბიზნესში. როდესაც ევროკავშირში გავიტანთ ექსპორტზე, ამას ორმაგი ეფექტი ექნება. ამ სექტორში მეტი ადამიანი დასაქმდება და მათი შემოსავალი შესაძლოა გაორმაგდეს ან გასამმაგდეს, რადგან ევროპის ბაზარი ძალიან მომგებიანია.“

კვიპროსის  ბერძნული რესპუბლიკის მთავრობასა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ამჟამად არაღიარებული თურქული კვიპროსის სავაჭრო პალატა ხელმძღვანელობს.

იგი  4500 ადგილობრივ კომპანიას წარმოადგენს, რომელთა 25 პროცენტი სოფლის მეურნეობის სექტორიდანაა.

პალატის პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ისინი თავიანთი პოტენციური სავაჭრო პარტნიორებისგან ითხოვენ,  გაგებით მოეკიდონ.

თურგაი დენიზი, თურქული კვიპროსის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი

„სავაჭრო პალატას სჯერა, რომ ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის   ევროკავშირის მხრიდან სრული თანამშრომლობა გვჭირდება, რომ სწორი სამეთვალყურეო მექანიზმები შეიქმნას. ჩვენ ვითხოვთ ამ სრულ თანამშრომლობას, რომ ჰელიმის მწარმოებლების პრობლემები გადაიჭრას, რომ დაეხმარონ მათ, ევროკავშირის რეგულაციები დანერგონ როგორც ცხოველური წარმოშობის პროდუქციის, ისე სურსათის უსაფრთხოების, ჰიგიენისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.“

ადგილწარმოშობის დასახელების აღიარებას შეშფოთებითა და სკეპტიკურად შეხვდნენ  კვიპროსის მესაქონლეობის წარმომადგენლებიც. ამჟამად ბაზარზე გატანილი „ჰალუმი“ 80 პროცენტით ძროხის რძეს შეიცავს, მაგრამ 2024 წლისთვის აღიარების გამო ყველის მეწარმეები იძულებული იქნებიან, ყველი უფრო ტრადიციული გზით დაამზადონ და ნედლეულის 51 პროცენტად ცხვრისა და თხის რძის ნარევი გამოიყენონ.

ფერმერები, რომლებიც დღეში 4 ათას ლიტრ ძროხის რძეს აწარმოებენ, უეცრად რთულ მდგომარეობაში ჩაცვივდებიან.

ანდრეას კაილასი, ANDREAS KAILAS & SONS LTD-ის ფერმერი:

„ადგილწარმოშობის დასახელებად აღიარებულ „ჰალუმს“ საბაზრო მოთხოვნასთან ამჟამად არავითარი კავშირი არ აქვს. მომხმარებელი იღებს ნაჭრებად დაჭრილ ჰალუმს, წიწაკით შეზავებულ ჰალუმს, ან ჰალუმის ბურგერს. ამ პროდუქტებს ვეღარ ვუწოდებთ  „ჰალუმს“, რადგან ის ადგილწარმოშობის დასახელებად აღიარეს.  მთავრობამ და ევროკავშირმა უნდა მოგვცენ იმის საშუალება, რომ „ჰალუმის“ ადგილწარმოშობის დასახელებაში ცვლილება შევიდეს, რათა ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს.“

ფერმერებისა და მწარმოებლებისაგან განსხვავებით, საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები თვლიან, რომ ახალი აღიარების სერტიფიკატი ერთნაირად მომგებიანია როგორც მათი ბიზნესისთვის, ისე კლიენტებისთვის. მათი აზრით,  იგი ხარისხის გარანტია.

ნიქოზიაში მდებარე  დელიკატესების მაღაზია ძირითადად ჩირითა და კაკლეულით ვაჭრობს, მაგრამ აქ დახლზე უკვე „ჰალუმის“ ნაირსახეობაც გამოჩნდა.

ფილიპოს ფილიპუ, დელიკატესების მაღაზია “NUT NUTS ETC.” DELICATESSEN-ის მფლობელი:

„ჰალუმი კვიპროსისთვის ელჩის ფუნქციას ასრულებს. ტურისტებს ჰალუმის ნაჭერი სახლში მიაქვთ და კუნძულის გემო სამუდამოდ თან მიყვებათ. ჰალუმი ერთ-ერთი ყველაზე კარგი სუვენირია, რომელიც ტურისტებს შეუძლიათ თან წაიღონ.“

მარინოს კაფსისი, ტავერნა  “THE PORTICO OF DIMITRIS”-ის მეპატრონე:

„რასაკვირველია, ჩრდილოეთისა და სამხრეთ კვიპროსის ჰალუმი განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ მათ ბევრი საერთოც აქვთ. ორივე მხარეს ხალხს ერთნაირად მოსწონს ეს ყველი. თუ ეს მათ შორის  ხიდის აგებას შეუწყობს ხელს, მაშინ კარგი ამბავი ყოფილა.“

ავტორი: ხულიან ლოპეს გომესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend