მთავარი ევროპა იტალია „ჩახუტების სივრცე“ მარტოსული ადამიანებისთვის

„ჩახუტების სივრცე“ მარტოსული ადამიანებისთვის

„ჩახუტების სივრცე“ – ასე ჰქვია ახალ დაწესებულებას რომში, სადაც ადამიანები ფულს ჩახუტების სანაცვლოდ იხდიან.

30 წუთიანი სესია 60 ევრო ღირს. ექსპერტების თქმით, ასეთი ტიპის სერვისის შექმნის მიზეზი პანდემიაა. მათი აზრით, ადამიანებს ფიზიკური კონტაქტისა და ადამიანური სითბოს ნაკლებობა შეექმნათ.

როგორც ჩანს, ადამიანთან ჩახუტება უფასო აღარაა. რომში მდებარე ამ დაწესებულებაში ფულის სანაცვლოდ ადამიანებს ჩახუტების სესიის გავლა შეუძლიათ. პანდემიის შემდეგ ეს სერვისი უფრო და უფრო პოპულარული გახდა.

„პანდემიამ დაგვანახა თუ რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. ადამიანებს შეხება სურთ. ბევრი ამის ნაკლებობას განიცდის. ძალიან კარგია, როცა შეგიძლია იპოვო სივრცე, სადაც შეძლებ დამშვიდებას“, – ამბობს „ჩახუტების სივრცის“ დამფუძნებელი ლორა ნარდინი.

სესიები ნახევარი საათი ან ერთი საათი გრძელდება. პირველი 30 წუთის ფასი 60 ევროა. ვოლტერი მუდმივი კლიენტია. იგი აქ პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული მოდის.

„სარგებელი, რომელიც ამ სერვისს მოაქვს, გრძელვადიანია. როცა გინდა ფოკუსირდე და მიზნები დაისახო, აუცილებელია გქონდეს განსაკუთრებული სივრცე, სადაც საკუთარ თავს მოუსმენ და დამშვიდდები“, – მიიჩნევს სერვისის მომხმარებელი ვოლტერ ტაბი.

ასეთი ტიპის ბიზნესის განვითარებას ხელი პანდემიამ შეუწყო. ხალხი ფიზიკური კონტაქტის ნაკლებობას განიცდის. თუმცა, ახლა უკვე მკაცრი კარანტინი გაუქმებულია. ჩვენ ვკითხეთ ექსპერტებს, თუ რატომ სურთ ადამიანებს ჩახუტებაში ჯერ კიდევ ფულის გადახდა.

„სითბოს მიღების მიმართ მოთხოვნილება აქამდეც იყო. პანდემიამ ეს კიდევ უფრო მეტად გაამწვავა. ადამიანები, რომლებიც იზოლაციაში იყვნენ ახლა ქრონიკულ მარტოობას განიცდიან“, – ამბობს პოლიტიკური ფილოსოფიის პროფესორი სებასტიანო მაფეტონე.

იტალია იყო პირველი დასავლური ქვეყანა, რომელიც პანდემიამ მოიცვა. შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ ასეთი ტიპის ბიზნესი პირველად აქ გაჩნდა.

„არავინ იფიქრებდა, რომ იტალიაში ასეთი ტიპის სერვისი იარსებებდა. იმის გამო რომ კარანტინი პირველად ჩვენთან გამოცხადდა, იტალიელებმა გამოსავლის ძიება სხვებზე ადრე დაიწყეს“, – ამბობს სებასტიანო მაფეტონე.

ექსპერტების თქმით, შფოთვითი აშლილობებისა და დეპრესიის შემთხვევები პოსტ-პანდემიურ სამყაროში გახშირდა. ასეთი ტიპის სერვისების არსებობა გვახსენებს, თუ რამხელა გავლენა იქონია პანდემიამ საზოგადოებასა და ადამიანურ ურთიერთობებზე.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend