მთავარიევროპარუსეთიწინასწარი მონაცემებით, არჩევნებში პარტია "ერთიანი რუსეთი" ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში პარტია “ერთიანი რუსეთი” ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბიულეტენების 50.02% დათვლის შემდეგ „ერთიან რუსეთს“, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერია, ხმების 46.11% აქვს, არჩევნებში მის მთავარ კონკურენტს, „კომუნისტურ პარტიას“ – 21.4%. მესამე ადგილზეა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“, 8,07%-ით.

პირველ ხუთეულში შედიან ასევე პარტია “სამართლიანი რუსეთი – სიმართლისთვის” 7.62%-ით და “ახალი ხალხი” 5.97%-ით.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ არჩევნებმა „მნიშვნელოვანი დარღვევების“ გარეშე ჩაიარა, თუმცა მონიტორინგის დამოუკიდებელმა ჯგუფმა Golos-მა განაცხადა, რომ ათასობით დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის დამკვირვებლების წინააღმდეგ მუქარისა და საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები.

ამასთან, Golos-ის ინფორმაციით, მიიღეს “უამრავი შეტყობინება” ადამიანებისგან, რომ ისინი დამსაქმებლებმა აიძულეს, არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ.

აღსანიშნავია, რომ პირველად 1993 წლის შემდეგ, არჩევნებს არ აკვირდებოდნენ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საარჩევნო დამკვირვებლები.

არჩევნებში ვერ მონაწილეობდა ოპოზიციის დიდი ნაწილი, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ.

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში, 17-დან 19 სექტემბრამდე მიმდინარეობდა, ამომრჩევლებს ასევე საშუალება ჰქონდათ, არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონული კენჭისყრის გზით მიეღოთ. პროცესის შედეგად 225 დეპუტატი პარტიული სიის მიხედვით, ხოლო დანარჩენი 225 კი ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩევა. სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში 14 პარტია იღებს მონაწილეობას. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend