რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მომხრე პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი უმრავლესობას შეინარჩუნებენ.
„დღეს საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ეს არჩევნები გადაწყვეტს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის მომავალს. აქ გადაწყდება ქვეყნის განვითარების სტრატეგია, სუვერენულობის საკითხი, ეკონომიკის მომავალი და მოქალაქეების სოციალური ყოფის ბედი“, – განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.
არჩევნებზე მეორე ადგილზე რუსეთის კომუნისტური პარტია გავიდა, რომელმაც წინა არჩევნებთან შედარებით მეტი ხმა აიღო. ხოლო „ერთიანი რუსეთის“ პარტიამ წელს ხმათა ნაწილი დაკარგა.
„მთავარი არის ის, რომ პარლამენტი იქნება იგივე როგორც აქამდე. პარტია, რომელიც მხარს უჭერს ვლადიმირ პუტინის კვლავ უმრავლესობაშია“, – ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი სერგეი მარკოვი.
„რუსეთის გარკვეული რეგიონები „ერთიანი რუსეთის“ პარტიას მხარს განსაკუთრებით უჭერენ. ამ რეგიონებში მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს. ამ რეგიონებში მაღალია არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელიც. დიდ ქალაქებსა და ოპოზიციურად განწყობილ რეგიონებში დასწრება დაბალია“, – მიიჩნევს პოლიტიკური ანალიტიკოსი ალექსანდრე კინევი.
ექსპერტების აზრით, არჩევნების შედეგი მოსალოდნელი იყო, თუმცა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა.
რუსეთის საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს გარკვეული დარღვევები გამოვლინდა და მათი გამოძიება აუცილებლად მოხდება. თუმცა, მათი თქმით, ეს ინციდენტები არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდა.