მთავარიგადაცემებიოკეანეანტარქტიკის დაცვა, როგორც გლობალური გამოწვევა

ანტარქტიკის დაცვა, როგორც გლობალური გამოწვევა

ანტარქტიკის დაცვას გეოპოლიტიკური საკითხები ართულებს

ანტარქტიკის უზარმაზარი რეგიონი სამხრეთ ნახევარსფეროში და მისი წყლის აკვატორია ჩვენი კლიმატური სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. ეს რეგიონი დედამიწის ჭარბი სითბოს თითქმის სამ-მეოთხედს, ხოლო ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ერთ-მესამედს შთანთქავს.

მაგრამ ამ საოცარ ადგილს საფრთხე ემუქრება. კლიმატის ცვლილება ანტარქტიკის ზღვის ბიომრავალფეროვნებას უხილავ და, სავარაუდოდ, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

მეცნიერებმა განგაშის ზარი შემოჰკრეს: ბოლო 30 წლის განმავლობაში ანტარქტიკაში ტემპერატურამ 1.8 გრადუს-ცელსიუსით მოიმატა, რაც სამჯერ აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს.

2019 წელს ექსპედიციამ, სახელწოდებით Belgica121-ი  დასავლეთ ანტარქტიკის ნახევარკუნძულის ზღვის ბიომრავალფეროვნება შეისწავლა. მისი მიზანი ცოცხალი სახეობების დეტალური გამოკვლევა იყო ამ ადგილზე, რომელიც განსაკუთრებულად ზიანდება გლობალური დათბობით.

ბრუნო დანისი ზღვის ბიოლოგი და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ამ ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო. ექსპედიციამ ორი ათასზე  მეტი ორგანული და მინერალური ნიმუში მოიპოვა. ამჟამად მეცნიერები ნიმუშებს სწავლობენ, რათა სპეციალური მონაცემთა ბაზა შექმნან.

ბრუნო დანისი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ზღვის ბიოლოგიის პროფესორი:

„მკვლევრები და ანტარქტიკის შემსწავლელი წამყვანი მეცნიერები, რომლებიც ადგილზე ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ, გვეუბნებიან, რომ ისინი თვალნათლივ ხედავენ ცვლილებებს, განსაკუთრებით ხმელეთზე. თუმცა ცვლილებები  უკვე ზღვის წიაღშიც შეიმჩნევა.  მაგალითად, ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე გვაქვს სისტემა, რომელიც ყინულიან ფიორდებს ესაზღვრება და ეს ყინული დნება, გარკვეულწილად, უკან იხევს.“

ამ რეგიონში ბიომრავალფეროვნებაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესწავლა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ეკოსისტემის ევოლუცია წინასწარ განსაზღვრონ.

თავის მხრივ, ეს კვლევები დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოებას, რომ  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ, თუ როგორ დაიცვან სამხრეთის ოკეანის ბიომრავალფეროვნება.

ბრუნო დანისი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ზღვის ბიოლოგიის პროფესორი:

„ჩვენ გვაქვს ეკოსისტემა, რომელიც სრწაფად იცვლება და ამის შესახებ  ცოტა ვიცით. გარდა ამისა, ანტარქტიკა რთულად მისასვლელი ადგილია, განსაკუთრებით ლოგისტიკის თავლსაზრისით. მაგრამ  ცოდნის გაღრმავების მიზნით, შეგვიძლია, სტატისტიკური მოდელები გამოვიყენოთ, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, პროგნოზები შევადგინოთ და ცოდნა გავიღრმავოთ.“

ამ მდიდარ ეკოსისტემას, კლიმატის ცვლილების გარდა, ჭარბი თევზჭერაც უქმნის საფრთხეს.  ყველაზე მეტად აქ კრილს –  მომცრო კიბოს – იჭერენ, რომელიც ანტარქტიკის ოკეანის საკვები ჯაჭვის შუა რგოლია [ვები:  ამით, მაგალითად, ვეშაპი, პინგვინი, სელაპი და ზღვის ფრინველი იკვებება].

ზღვის ფლორისა და ფაუნის დასაცავად, ასევე ამ რეგიონში თევზის რეწვის მართვის მიზნით,  1982 წელს ანტარქტიკის ზღვის კონსერვაციის კომისია [CCAMLR] შეიქმნა.

კომისიის მიზანი ნაწილობრივ ზღვის დაცული ტერიტორიების განსაზღვრაა.

ამ დრომდე მხოლოდ ორი ასეთი ტერიტორია მოინიშნა, ერთი როსის ზღვაში და მეორე – სამხრეთ ორკნის კუნძულების სამხრეთ შელფზე.

ევროკავშირი კიდევ ორი დაცული ტერიტორიის შექმნის წინადადებით გამოვიდა. ეს კავშირის წევრმა სახელმწიფოებმაც მოიწონეს. ერთი აღმოსავლეთის წყლებში და მეორე –  უედელის ზღვაში.

მესამე ასეთი ტერიტორიის შექმნა არგენტინამ და ჩილემ მოითხოვეს.  დასავლეთ ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე  და  სამხრეთ ანტილის რკალში.

თუ ამ შეთავაზებებს მოიწონებენ, ასეთ შემთხვევაში მსოფლიოს ოკეანის 1 პროცენტი იქნება დაცული.

ანტარქტიკის დაცვა გლობალური ჭადრაკის თამაშს ჰგავს. ევროკავშირს აქვს ამბიციური გეგმა, რომ შექმნას ისტორიაში ზღვის ყველაზე ფართო დაცული ტერიტორია. ეს რომ მოხდეს, ევროკომისარს გარემოსა და ოკეანის დაცვის საკითხებში, ვირგინიუს სინკევიჩიუსს მტკიცე მოკავშირეები სჭირდება.

ევროპის გეგმას სპონსორობას ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ურუგვაი, ნორვეგია და გაერთიანებული სამეფოც უწევენ. ჩინეთი და რუსეთი ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან, რადგან ამ რეგიონში თევზჭერას მისდევენ.

ვირგინიუს სინკევიჩიუსი, ევროკომისარი გარემოსა და ოკეანის დაცვის საკითხებში:

„ეს დაცული ტერიტორიები უზურნველყოფს, რომ ბუნებამ დაისვენოს და ადამიანი არ შეეხოს. მას აღარ სჭირდება დამატებითი საქმიანობა, ახალი წნეხი, ბუნებრივი რესურსების მოპოვება, თევზჭერა თუ სხვა სახის წნეხი, რომელსაც ამ პროცესების გაღრმავება შეუძლია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი და ჩინეთი და მათი თანამშრომლები, რომ ეს საკითხი მათთვისაც პრიორიტეტულია. და როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ მზად ვართ, საქმეს ხელი მოვკიდოთ.“

ანალიტიკური ინსტიტუტის Europe – Jacques Delors’-ის გენერალური დირექტორის ჟენევიევა პონსის აზრით,  ჩინეთმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა  და სამხრეთის ოკეანის კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით წამყვანი როლი ითამაშოს.

ჟენევიევა პონსი, EUROPE – JACQUES DELORS’ INSTITUTE-ის გენერალური დირექტორი:

„ჩვენ ვიცით, რომ 2020 წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ვალდებულება აიღო, რომ 2060 წლისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მხრივ ნეიტრალური იყოს. ასე რომ, თუ ის ამ გამონაბოლქვის შთანთქმის მთავარი წყაროს განადგურების საშუალებას მისცემს,  ეს წინააღმდეგობაში მოვა მის მიდგომასა და ვალდებულებასთან.

რუსებმა კი ერთ-ერთმა პირველებმა მოაწერეს ხელი ანტარქტიკის ხელშეკრულებას, რომელიც 1959 წელს დაიდო. ეს ცივი ომის დროს მოხდა. ასე რომ, ეს მშვიდობისა და მეცნიერების კონტინენტია.“

ანტარქტიკის ეკოსისტემის დაცვის კუთხით სამოქალაქო საზოგადოებასაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

ევროპასა და ამერიკაში უკვე რამდენიმე ინიციატივით გამოვიდნენ, რათა ოქტომბერში   ანტარქტიკის ზღვის კონსერვაციის კომისიის შეხვედრის დღის წესრიგის მიმართ მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ. საერთაშორისო ორგანიზაცია SeaLegacy, რომელიც ოკეანეს იცავს, პარტნიორული მიდგომის მომხრეა.

SeaLegacy-ის პრეზიდენტის კრისტინა მიტერმეიერის აზრით დანარჩენმა ქვეყნებმა რუსეთსა და ჩინეთს მეტისმეტად კი არ უნდა შეუტიონ, არამედ უნდა მოთხოვონ, სწორად მოიქცნენ.

კრისტინა მიტერმეიერი, SeaLegacy-ის პრეზიდენტი:

„ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერა გვჭირდება.  მთელ პლანეტაზე ადამიანთა უზარმაზარ ჯგუფს სურს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელსაც „ონლი ვან“ ეწოდება და რომელიც ჩვენი სამოქმედო ცენტრია. ანტარქტიკის ზღვის კონსერვაციის კომისიას ვთხოვთ, რომ ექსპედიციები ჩაატაროს, ანტარქტიკის დაცვის ირგვლივ გადაწყვეტილების მიღება დააჩქაროს.“

ზღვის დაცული ტერიტორიები კლიმატის ცვლილებაზე უშუალოდ არ აისახება, თუმცა შეუძლია ეკოსისტემას დათბობასთან შეგუებაში დაეხმაროს.

მეცნიერებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების დიდი ნაწილი მოგვიწოდებს, რომ 2030 წლისთვის ოკეანის სულ მცირე 30 პროცენტი იყოს დაცული. ამ მაჩვენებელს ჩვენი პლანეტის  დაცვა დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია.

ავტორი:  კლაუდიო როსმინო

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend