მთავარი საქართველო საქართველოს პარლამენტი დეპუტატ ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობს

საქართველოს პარლამენტი დეპუტატ ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობს

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ, საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება 29 ივლისს მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. წერილობითი განცხადება კი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 3 აგვისტოს წარადგინა. დღეს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართვა განიხილა, დაადასტურა და ბიუროსთვის განსახილველად გადააგზავნა.  ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ეს სურვილი თავად მელიას აქვს, თუმცა მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, პოლიტიკურ საფრთხეებს ხედავენ.

“პარლამენტს მოვუწოდებთ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაჩქარება არ მოხდეს. პარლამენტი გადაწყვეტილებას ადგილობრივ არჩევნებამდე, რიგგარეშე სხდომის ფარგლებში მიიღებს, ცალსახა იქნება, რომ “ქართულ ოცნებას” განზრახული აქვს ოპოზიციის მთავარი ლიდერისა და მერობის კანდიდატისთვის დაჩქარებული წესით უფლებამოსილების შეწყვეტა.

“ბუნებრივია, აქ პოლიტიკური მდგენელი გამოვლინდება. რეგლამენტის გათვალისწინებით, არჩევნებამდე პარლამენტის სხდომები არ ტარდება. ჩვენი მოთხოვნაა, საკითხის განხილვა არჩევნების შემდგომ მოხდეს”, – განაცხადა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ კომიტეტის მიერ გაკეთებული დასკვნა პოლიტიკური მდგენელისგან დაცლილია. საკითხის განხილვა კი, რეგლამენტით დადგენილი წესისა და კალენდარული ვადების ფარგლებში მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის” სპეკულაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. თუ რაიმე შეკითხვა აქვთ, უნდა ჰქონდეთ მათი პარტიის თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთან. ეს არის მის მიერ დაწერილი განცხადება, გამომდინარე აქედან, ოპოზიცია აჟიტირებულია, როცა არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნია. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება აბსოლუტურად დაცლილი იყო პოლიტიკური მოტივაციისგან. რეგლამენტით გაწერილი ვადა ზედმიწევნით დაცულია, არც რამე დამიჩქარებია,”- განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს. მეცხრე მოწვევის პარლამენტმა პირველად ნიკა მელიას უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყვიტა. მეორედ კი, მეათე მოწვევის პარლამენტმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს მას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. ამის შემდეგ 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შევიდა და ოპოზიციონერი დააკავა. ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. მას პატიმრობა შეუფარდეს. მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე დააკმაყოფილა. გირაოს თანხა კი ევროკავშირმა გადაიხადა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend