ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა ბრიუსელი ევროპული თავდაცვის პოლიტიკის შესახებ დააფიქრა.
ბრიუსელში უფრო მეტ სტრატეგიულ ავტონომიაზე საუბრობენ. სტრატეგიული ავტონომიისა და წმინდა ევროპული საგარეო პოლიტიკის გატარების საფუძვლად კი ბრიუსელში ერთიანი ევროპული არმიის ჩამოყალიბება ესახებათ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აუცილებელია სწრაფი რეაგირების 5 ათას ჯარისკაციანი შენაერთის შექმნა.
ბრიუსელში მიმდინარე დისკუსიის ფონზე გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის კიდევ ერთი ნიშანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიას შორის გაფორმებული ალიანსი. ამ შეთანხმების საფუძველზე ავსტრალია მაგალითად ატომურ წყალქვეშა ნავებს მიიღებს, ეს ტექნოლოგია ვაშინგტონს აქამდე მხოლოდ ლონდონისთვის აქვს გაზიარებული.
„ჩვენს სამ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, დღეს კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი გადავდგით. ვაღიარებთ რა, წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას, ჩვენი ვალია, შესაბამისად ვუპასუხოთ უსაფრთხოების იმ გამოწვევებს, რომელებიც ამჟამად არის რეგიონში სტრატეგიული თვალსაზრისით. ჩვენი სახელმწიფოების მომავალი დამოკიდებულია წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობასა და განვითარებაზე“, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
აღმოსავლეთ ევროპაში კი მინსკისა და მოსკოვის ფლირტი გრძელდება. ორი ავტორიტარული სახელმწიფო უფრო და უფრო უახლოვდება ერთმანეთს, როგორც ეკონომიკური ისე, სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით.
პუტინისა და ლუკაშენკას შეხვედრის შემდეგ მოხერხდა ორი ქვეყნის ეკონომიკის, მათ შორის ენერგეტიკული და საბაზრო მიმართულებით კიდევ უფრო მეტად დაახლოება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ ამ მომენტში მიმდინარეობს ერთობლივი ბელარუსულ რუსული სამხედრო მანევრები, რომელშიც 200 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს.
„მოდით შევეშვათ ძველი შიშების გაღვიძებას, რომ თითქოს ჩვენი ერების ნების საწინააღმდეგოდ ჩვენ გაერთიანებას ვაიძულებთ ვინმეს. არსებობს თანამშრომლობის 28 კონკრეტული მიმართულება და ეს საკითხები მომავალი სამი წლის განმავლობაში რეალობად იქცევა. შეიძლება სამი წელიწადი დიდი დროა, მაგრამ ისტორიისთვის ეს მხოლოდ წამია. არ იდარდოთ, ჩვენი ერების ინტერესების დაცვის მიზნით ყველაფერს გავაკეთებთ. თუ საჭირო იქნება უფრო ახლო სამხედრო, პოლიტიკური ან ნებისმიერ სხვა მიმართულებით თანამშრომლობა, მაგალითად ეკონომიკური მიმართულებით. ეს მაშინვე მოხდება ზუსტად ისე, როგორც ეს რუს და ბელარუს ერს სურს“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ.
ვლადიმერ პუტინი კი ბუნებრივი აირის საერთო ბაზართან დაკავშირებით საუბრობს.
„ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მოვახერხეთ, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ბუნებრივ აირთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა. 2022 წელს ბუნებრივი აირის ფასი იგივე დარჩება. რაც შეეხება სამეკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში ბუნებრივი აირის ერთიანი ბაზრის შექმნას, ამასთან დაკავშირებით ხელშეკრულება 2023 წლის 1 დეკემბრამდე გაფორმდება“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
ამ მოვლენათა გათვალისწინებით, ბრიუსელში საკუთარი რესურსებით სამხედრო სტრატეგიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზებს ეძებენ.
ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის ამ თვალსაზრისით ერთიანი პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ბრიუსელში მომავალი გეოპოლიტიკური გამოწვევების სიმძიმე კარგად აქვთ გაცნობიერებული.