მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დელტა ვარიანტის სწრაფად გავრცელებასთან ერთად ვაქცინაციის პროცესიც ჩქარი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა ღარიბ ქვეყნებს კვლავ არ აქვთ წვდომა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა – ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, აუცილებელია, ყველა ქვეყანას მიეწოდოს ვაქცინა. ჯანმოს დირექტორის თქმით, ღარიბ ქვეყნებში ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ისინი ვერ უმკლავდებიან პანდემიასთან ბრძოლას.
,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია ყველა ქვეყნის მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე მსოფლიო მოსახლეობის 40%, ხოლო მომავალი წლის პირველი ნახევრისთვის მოსახლეობის 70% იყოს აცრილი. ჯერჯერობით აფრიკის მხოლოდ ორმა ქვეყანამ მოახერხა მოსახლეობის 40% -ის იმუნიზაცია, როგორც გასულ კვირას ვთქვი, აფრიკულ ქვეყნებს არ აქვთ ვაქცინების გავრცელების შესაძლებლობა და გამოცდილება ამის მიზეზი არის ის, რომ მსოფლიოსგან მიტოვებულები არიან“,- განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ადჰანომ გებრეიესუსი.
გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტმა სამედიცინო სფეროს თანამშრომლებისა და 50 წელს გადაცილებული პირებისთვის ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა.
როგორც ინგლისის მედიცინის მთავარი ოფიცრის მოადგილემ განაცხადა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წყალობით დიდ ბრიტანეთში 112 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. მისი თქმით, პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ამასთანავე ნიდერლანდებში, სადაც მოსახლეობის 62% ვაქცინირებულია, 25 სექტემბრიდან საზოგადოებას სოციალური დისტანციის დაცვა აღარ მოეთხოვება. როგორც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, ბარებში, რესტორნებსა და კინოთეატრებში კოვიდსაშვების წარდგენა აუცილებელი იქნება.
,,დღეს ბედნიერი ვარ, რადგან მინდა, გაცნობოთ, რომ 25 სექტემბრიდან სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო არ იქნება. რასაკვირველია, გონივრულ რჩევად რჩება, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და დავიცვათ უსაფრთხოების წესები, თუმცა დისტანციის დაცვა აღარ მოგეთხოვებათ“,-განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ.
რაც შეეხება საფრანგეთს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს. საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ის ექიმები, რომლებიც არ არიან აცრილი, შესაძლოა ორშაბათიდან სამსახურიდან გაათავისუფლონ. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიცინის დაახლოებით 300 000 მუშაკი ჯერ კიდევ არ არის აცრილი.
ამ დროისთვის საფრანგეთში მოსახლეობის 65% – 44 მილიონი ადამიანია აცრილი.