მთავარი საქართველო რას ჰყვებიან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან

რას ჰყვებიან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან

მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი, სხეულის სისუსტე, პისიარტესტი, ლოდინი 24 საათის განმავლობაში და გამოკვლევის დადებითი პასუხი… შემდეგ იწყება შიში და ნერვიულობა, რომელსაც მალე გამოჯანმრთელების იმედი ცვლის. მსუბუქი ინფიცირების შემთხვევაში ასე გადის ორი კვირა.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა კოვიდი რთულად მიმდინარეობს…  ნელი სარუხანაშვილი დადებითი პასუხის მიღებიდან 2 დღეში კოვიდკლინიკაში მოხვდა. მას ფილტვების 24-ქულიანი დაზიანება აღმოაჩნდა და ერთი თვე ებრძოდა კორონავირუსს. ცდილობდა, ებრძოლა და იმედი არ დაეკარგა, მაგრამ იყო დღეები, როდესაც შიში იმედზე ძლიერი იყო. ხანდახან ბრძოლოს უნარი ეკარგებოდა და  გონდაკარგული მხოლოდ ექიმების იმედად რჩებოდა.

„ეს საშინელი ვირუსია, მე ეს გამოვცადე. ღმერთმა ყველა დაიფაროს. ჯობია, ყველა აიცრას, რომ ხალხი ამ დღეში არ ჩაცვივდეს. მეგონა, რომ არ იყო ასეთი, მაგრამ, აი, მივიღე შედეგი.  ჯობია, ყველა ავიცრათ, რომ მსგავსი რამ არ დაემართოთ“, – ამბობს ნელი სარუხანაშვილი, კოვიდინფიცირებული.

მისი გადარჩენის შანსი მცირე იყო, თუმცა გონს მოვიდა და  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდა. ახლა სრულად გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის და ექიმებთან ერთად სხვა პაციენტებს ამხნევებს. კოვიდკლინიკებში ექიმებს, წამლებისა და შესაბამისი მკურნალობის გარდა, პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაც უწევთ.

„კოვიდპაციენტი არის განსაკუთრებული პაციენტი, განსაკუთრებული თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობით და რეალური საფუძველი აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მაღალია სიკვდილის შიში. მახსოვს, პირველად მძიმე პაციენტებით სავსე პალატაში რომ შევედი, ისინი შიშით გვიყურებდნენ. თვალებში შიში ჰქონდათ ჩამდგარი. სხვა არაფრის თქმა არ შემეძლო და ვუთხარი: „ჩვენ უნდა დავამარცხოთ კოვიდი.“ ამ წინადადების შემდეგ აბსოლოტურად სხვა განწყობა ვიგრძენი, გამომეტყველებაც სხვანაირი ჰქონდათ. შემდეგ უკვე, როდესაც მკურნალობის პროცესში შევიდოდით ხოლმე მათთან, სიურპრიზებს მახვედრებდნენ, ყვიროდნენ: „ჩვენ დავამარცხეთ კოვიდი,“ „ჩვენ ვამარცხებთ კოვიდს“, – ამბობს ექიმი ლეილა ოტიაშვილი, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კოვიდცენტრის უფროსი ექიმი.

კოვიდრეანიმაციაში მკურნალობენ პაციენტები, რომლებიც გამოჯანმრთელების შემდეგ ექიმებს დიდ და გულიან სამადლობელ წერილებს წერენ. თუმცა არის უმძიმესი დღეები, როდესაც თავგანწირული  ბრძოლის მიუხედავად, პაციენტების გადარჩენას ვერ ახერხებენ.  ექიმები ყოველ ასეთ დღეს ტრაგიკულს უწოდებენ.

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კოვიდრეანიმაციაში 8 საწოლია და ყველა მათგანი შევსებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ამ მომენტში გადარჩენისთვის 8 კოვიდინფიცირებული პაციენტი იბრძვის. მათთან ერთად იბრძვიან ექიმებიც, რომლებიც პანდემიამ კოვიდექიმებად აქცია. ისინი ყოველდღიურად მიმართავენ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული და სთხოვენ, რომ აიცრან, აიცრან იმისათვის, რომ აქ არასოდეს მოხვდნენ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

კორონავირუსიკორონავირუსი

Send this to a friend