კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყანაში რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არა ვაქცინირებული არიან, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
თურქეთში ავტობუსებში, მატარებლებსა და საქალაქთაშორისო ავიარეისებზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ან კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო გახდა. რეგულაციები ვრცელდება იმ ადამიანებზეც, რომელთაც თეატრებსა და კინოთეატრებში შესვლა ან სხვა მასშტაბურ ღონისძიებებზე დასწრება სურთ. ასობით ადამიანმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ახალი რეგულაციები ადამიანების თავისუფლებას ზღუდავს და მათ არჩევანს არ უტოვებს.
ამსტერდამში კი ათასობით ადამიანის პროტესტის მიზეზი გასართობი ღონისძიებების აკრძალვა გახდა. პროტესტის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვდნენ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას. მათი თქმით, გასართობი ინდუსტრია პანდემიის პერიოდში საგრძნობლად დაზარალდა. ნიდერლანდების ხელისუფლებამ ივნისის ბოლოს გასართობ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო საკარანტინო შეზღუდვები კვლავ აღადგინა.
მთავრობაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ კაფეებსა და რესტორნებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა იგეგმება.
კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს ლიეტუვაშიც. დედაქალაქ ვილნიუსში 3000 ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვენ მათთვის, რომლებსაც კოვიდსერტიფიკატები არ აქვთ. მოგვიანებით აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.