ავღანეთში სამხედრო კამპანიის დასრულების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წინ კიდევ ერთი რთული გამოცდა ელის – გუანტანამოს ციხის დახურვა. ციხეში ამ მომენტისათვის 39 პატიმარია, მათ შორის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორები.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ გუანტანამოს ციხის დახურვას აპირებენ.
ციხეში მყოფ 39 პატიმარისთვის კი ბრალი ჯერ კიდევ არ წაუყენებიათ, შესაბამისად, უცნობია თუ რა გზით აპირებს ამერიკული მხარე კუბაში მდებარე ციხის დახურვას.
11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმისა და ავღანეთში სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ ვაშინგტონში მალევე გადაწყვიტეს, რომ მათ ესაჭიროებოდათ სივრცე, სადაც მრავალი ქვეყნიდან ასობით პატიმარს განათავსებდნენ.
”ყველას ახსოვს პენტაგონის მიერ გავრცელებული ფოტოები, სადაც ნარინჯისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი პატიმრები გუანტანამოს ციხეში მუხლებზე იდგნენ, ზოგიერთი მათგანი კი რკინის გალიებში იყვნენ ჩაკეტილები. ეს იმის დასტური გახლდათ თუ როგორი მოუმზადებელი შეხვდა ვაშინგტონი ასობით დამნაშავის კუბაში მდებარე ციხეში მოთავსებას. ამერიკულ მხარეს ადგილზე არაფერი ჰქონდა, არც ინფრასტრუქტურა, პატიმართა დაკითხვა ხის ქოხებში მიმდინარეობდა“, – ამბობს ჟურნალისტი ბენ ფოქსი.
გუანტანამოს ციხეში საერთო ჯამში 800 მდე პატიმარი იმყოფებოდა, ამერიკულმა მხარემ ციხის ასაშენებლად ასობით მილიონი დოლარი დახარჯა. დროთა განმავლობაში ციხეში მყოფ პატიმართა რაოდენობა შემცირდა, ვაშინგტონში გადაწყვიტეს, რომ ზოგიერთი პატიმარი საფრთხეს აღარ წარმოადგენდა და მათ პატიმრობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გართულებები პრობლემას წარმოადგენდა.
ბუშის ადმინისტრაციის პირობებში 500 ზე მეტი პატიმარი განთავისუფლდა, ობამას ადმინისტრაციის პირობებში კი 200-მდე. დონალდ ტრამპის მმართველობისას კი ერთი.
“ობამას ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა გაწია გუანტანამოს ციხის დაკეტვისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მაინც ვერ შეძლო. მათ ამ მიმართულებით პროგრესი ნამდვილად ჰქონდათ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს. ისინი მიზანთან საკმაოდ ახლოს იყვნენ. მათ შეამცირეს პატიმართა რაოდენობა, მაგრამ ციხის დაკეტვა ვერ მოახერხეს. საინტერესოა მოახერხებს თუ არა ამას ბაიდენის ადმინისტრაცია. ამჟამად გუანტანამოს ციხეში 39 პატიმარია, ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პატიმრების ბედი უნდა გადაწყვიტოს“ – აღნიშნავს ჟურნალისტი ბენ ფოქსი.
გუანტანამოს ციხეში მყოფ 39 პატიმარს შორის არიან ისეთებიც, რომელთა განთავისუფლებისათვის ვაშინგტონი მზად არ არის, მაგალითად: ხალიდ შეიხ მუჰამედი, 11 სექტემბრის ტერორისტული შეტევის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
კონგრესში კი კუბაში მყოფი პატიმრების ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გადაყვანას განიხილავენ. ამავე დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბუშისა და ობამას ადმინისტრაციის პირობებში გათავისუფლებული პატიმრების ნაწილი ავღანეთში “თალიბანის” ახალი, დროებით მთავრობის მაღალჩინოსანი გახდა.