მთავარი საქართველო დმანისის მახლობლად უძველესი ჰომინიდების ახალ კერას მიაგნეს

დმანისის მახლობლად უძველესი ჰომინიდების ახალ კერას მიაგნეს

დმანისის მუნიციპალიტეტში, რომელიც მსოფლიოში ცნობილია აფრიკის კონტინენტის გარეთ აღმოჩენილი ჰომინიდების ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნიმუშებით, მეცნიერებმა ჰომინიდების კიდევ ერთ ახალ კერას მიაგნეს.

სოფელ ქვემო ოროზმანთან საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდის მიერ აღმოჩენილი ძეგლი დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინანდელია. ადგილზე აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის ვხვდებით ქვის იარაღებს და მათ დასამზადებლად საჭირო ქვების ე.წ. ანატკეცებს. სწორედ ამის საფუძველზე მტკიცდება ამ ტერიტორიაზე უძველესი ჰომინიდების აქტივობა. ნაპოვნია უძველესი ფაუნის განამარხებული ნიმუშებიც.

„არტეფაქტები არის დასტური იმისა, რომ ძეგლზე იყო ადამიანის, ანუ ადამიანის წინაპრების, ჰომინინების აქტივობა. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ აქ ვიპოვით ადამიანსაც, ანუ ადამიანის ანთროპულ ნაშტებს“, – აცხადებს ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი.

მეცნიერების განცხადებით, ქვემო ოროზმანთან, ისევე როგორც დმანისთან, წარსულში ტბები იყო. სავარაუდოდ, სწორედ ამ ტბების მახლობლად ცხოვრობდნენ ჰომო საპიენსის წინაპრები, თუმცა საჭიროა დამატებითი კვლევები. ოროზმანის ძეგლზე სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაისა“ და კომპანია „PSP-ს“ მხარდაჭერით გათხრების პირველი სეზონი ახლახან დაიწყო, სამუშაოებში უცხოელი სტუდენტებიც იღებენ მონაწილეობას.

„მე ახლახან დავამთავრე უნივერსიტეტი და მინდოდა გამოცდილების მიღება პალეოანთროპოლოგიასა და არქეოლოგიაში. ჩამოვედი ამ ძეგლზე სამუშაოდ და ძალიან მომწონს, რადგან აქ, ჩვენ, წარსულის ამ კონკრეტული ეპოქის პიონერები ვიქნებით, ამან მიმიზიდა ყველაზე მეტად. საკმაოდ სახალისოა, ჩვენ ვიპოვეთ არტეფაქტები, ძვლები, გვყავს ძალიან კარგი გუნდი, მიყვარს მათთან მუშაობა“, — აცხადებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, ეს ძეგლი საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში შევისწავლოთ ადრეული ჰომინიდების გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხები. მისი თქმით, სამხრეთ საქართველო კვლევებისთვის უნიკალურ პოლიგონს წარმოადგენს.

„დმანისი წარმოადგენს მართლაც უნიკალურ დროის კაფსულას, სადაც ჩვენ შეგვიძლია 1,8 მილიონი წლის ჰომინიდების სხვადასხვა ასპექტი შევისწავლოთ, როგორიცაა მათი ანატომია, ქცევა, ქვის იარაღები, ბუნებრივი გარემო. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა ხდება იმ დროს სხვა ადგილებში, რა ხდება დმანისამდე და რა ხდება დმანისის შემდეგ. ოროზმანის ძეგლი საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ ეს არეალი“, — აცხადებს ის.

დმანისში ჰომინიდების თავის ქალები 1999, 2001, 2002 და 2005 წლებში აღმოაჩინეს. ნამარხები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ატარებს იმის შესახებ, თუ როგორ და როდის დატოვეს პირველმა ჰომინიდებმა აფრიკა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

დმანისიდმანისი

Send this to a friend