აფრიკის ზოგიერთ რეგიონში მენსტრუაციის დროს ქალებს საჯარო ადგილებში სიარულის უფლება არ აქვთ, უფრო მეტიც, მათ გარშემომყოფებთან კონტაქტიც კი ეკრძალებათ.
ქალებს ამ პერიოდში არ აქვთ უფლება საკვებში ჩაიყარონ მარილი, ზოგიერთ ადგილებში კი საკვების მომზადებაც ეკრძალებათ, ვინაიდან მათი აზრით, ეს კაცებისთვის თიაქარის გაჩენის საშიშროებას ქმნის.
ასევე არსებობს რწმენა, რომ გარდა სატანისტური რიტუალებისთვის გამოყენებისა, თუ მენსტრუალური სისხლი მამაკაცმა დაინახა, ქალი ვერ გათხოვდება და ვერ დაფეხმძიმდება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გოგონებს მენსტრუაციის დროს სკოლაში სიარულის უფლებას არ აძლევენ.
14 წლის ესტერ ჟოაომ მენსტრუალური ციკლის ირგვლივ არსებული მრავალი ტაბუს გამო, სკოლაში 198 გაკვეთილი გააცდინა, რაც სასწავლო წლის თითქმის ერთი მესამედია. ამ მიზეზით, მას მერვე კლასის მასალის ხელმეორედ გავლა მოუწია.
ესტერს, რომელიც ღარიბ ოჯახში იზრდება, სტანდარტული ჰიგიენური საფენების შეძენის შესაძლებლობა არ აქვს, დედა საფენებს კაბის ნაჭრებისგან უმზადებს.
„2019 წელს სკოლის გაცდენა ხშირად მიწევდა. სკოლაში დასაბრუნებლად მენსტრუალური ციკლის დასრულებას ველოდებოდი. 2020 წლიდან ჰიგიენური საფენების გაკეთება ჩემით დავიწყე“, – ყვება ესტერ ჟოაო.
ინტიმური ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები ძვირი და ბევრისთვის ძნელად ხელმისაწვდომია. განსაკუთრებით ისეთ სოფელში, როგორიცაა მანიკის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი ბუზუა.
ნაჭრებისგან დამზადებული საფენები ნაკლებად ეფექტიანია. ამიტომ, ის სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ასეთ საფენებს იყენებენ, ხშირად დაცინვის, სტიგმისა და იზოლაციის ობიექტები ხდებიან.
2019 წლამდე მოზამბიკის რესპუბლიკაში წელიწადში საშუალოდ 50 მოსწავლე გოგონა სკოლას ვერ ამთავრებდა, რადგან მათ ოჯახებს ჰიგიენური საფენების შესაძენად საკმარისი თანხა არ გააჩნდათ.
პრობლემის მოგვარებას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვები“ ცდილობს. მათი ინიციატივა ტრადიციული აფრიკული ქსოვილისგან მრავალჯერადი გამოყენების საფენების დამზადებას გულისხმობს.
„დედებს საკმარისი დრო აღარ აქვთ, რომ გოგონებს დაუსხდნენ და ეს ყველაფერი ასწავლონ. ამიტომ, ჩვენ ვუერთდებით აქტივისტებს და ამას ჩვენს თავზე ვიღებთ. ასევე ვასწავლით სკოლის მასწავლებლებს, რომ მათ ეს ცოდნა მოსწავლეებს გადასცენ“, – ამბობს რაიონის ჯანდაცვის დირექტორი, ჯულიეტა ძინგუა.
საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული მასწავლებლები და ექთნები გოგონებს ჰიგიენასა და საფენების დამზადებას ასწავლიან. ამ პროგრამის მეშვეობით, ორი წლის განმავლობაში, 12-დან 24 წლამდე 1947-მა გოგონამ ისწავლა მრავალჯერადი საფენების კერვა და გამოყენება.
55 წლის ლუჩია ბეკა ნაჭრის საფენების გამოყენებას ასწავლის იმ გოგონებს, რომლებიც პროგრამას ახლა უერთდებიან.
„ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ამ საფენების მაღაზიებში შეძენა, თუმცა ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა. ამიტომ ახლა მე ვამზადებ და გოგონებსაც ვასწავლი. შემდეგ კი ისინი თავიანთ მეგობრებს გაუზიარებენ ნასწავლს“, – ამბობს კერვის მასწავლებელი ლუჩია ბეკა.
მასწავლებლებს მენსტრუალური ციკლის ირგვლივ არსებული ტაბუს დამსხვრევის მიზანი აქვთ.
ერთ-ერთი მოსწავლე როზალინა სერხიო ამბობს, რომ მრავალჯერადი საფენების გამოყენების შემდეგ სკოლას აღარ აცდენს.
არსებობს სხვა პრობლემებიც, ზოგიერთ ოჯახს კერვისთვის აუცილებელი მასალა არ აქვს, თუმცა პროექტის წევრები ამ ოჯახების დახმარებასა და საჭირო ნივთებით უზრუნველყოფას ცდილობენ.