მთავარიაზიაავღანეთი31 აგვისტოს შემდეგ ქაბულის აეროპორტიდან პირველი საერთაშორისო ავიარეისი შესრულდა

31 აგვისტოს შემდეგ ქაბულის აეროპორტიდან პირველი საერთაშორისო ავიარეისი შესრულდა

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთი დატოვეს, ათასობით ადამიანი ამ დრომდე ვერ ახერხებდა ქვეყნიდან გასვლას.

ამასთანავე, აღდგენილი იყო მხოლოდ შიდა ფრენები. თუმცა პირველი საერთაშორისო  ფრენა ქაბულიდან უკვე შესრულდა. ,,ყატარის ავიახაზების“ ჩარტერული რეისით დოჰაში ამერიკისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები ჩავიდნენ.

ყატარის ხელისუფლებას ევაკუაციაში დახმარებისკენ ქვეყანაში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა. გეგმის მიხედვით, კიდევ ერთი ავიარეისი პარასკევს შესრულდება.

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება იმ ფაქტს, რომ ავღანეთიდან მოქალაქეების დოჰაში გადაყვანა შეძლეს.  ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისს იმედი აქვს, რომ მსურველებს ავღანეთის დატოვების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ.

,,დღემდე ჩვენ ავღანეთიდან გამოვიყვანეთ ამერიკის  6000-ზე მეტი მოქალაქე, ჩვენ კვლავ ვზრუნავთ მათ უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამასთანავე, იმედი გვაქვს, რომ  იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ავღანეთში მუდმივად ცხოვრების უფლება და არ სურთ ავღანეთში დარჩენა, მომავალშიც ექნებათ ამის შესაძლებლობა“,-განაცხადა აშშ-ის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის წარდგენილ ახალ მთავრობას საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი აქვს და ამისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უწევს, პარალელურად ავღანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტების დასაშლელად „თალიბანმა“  ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. თუმცა აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ვერავინ შეძლებდა მათი ხმის ჩახშობას იარაღის ძალით. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით აქციების ჩატარება ნებართვის გარეშე უკვე  აკრძალულია.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა აქციის გამართვამდე არა უგვიანეს 24 საათისა იუსტიციის სამინისტროს უნდა შეატყობინონ საპროტესტო აქციის მოწყობის მიზეზის, მისი ადგილისა და დროის, ასევე იმ ლოზუნგების შესახებ, რომელთა გამოყენებასაც აპირებენ.

“თალიბანმა” ქაბული 15 აგვისტოს დაიკავა. აგვისტოში ავღანეთიდან ევაკუაციის დროს ქვეყნის დატოვება ვერ შეძლო ავღანეთის ასობით მოქალაქემ, რომლებიც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend