მთავარისაქართველო„ქართული ოცნება“ არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას სწავლობს

„ქართული ოცნება“ არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას სწავლობს

დაკვირვება დამკვირვებლებზე

2 ოქტომბრის არჩევნებამდე 3 კვირით ადრე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ცესკო-ში დამკვირვებლებად დარეგისტრირებული ორგანიზაციების დაკვირვებას იწყებს. პირველი შედეგები საზოგადოებას 9 სექტემბერს გააცნეს.

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა გივი მიქანაძემ საგანგებო ბრიფინგზე პრეზენტაცია გამართა და თქვა, რომ 62 დამკვირვებელი ორგანიზაციიდან 15 ოპოზიციურ პარტიებთან – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთანაა“ დაკავშირებული.

მმართველი ძალის სხვა წევრებიც ამბობენ, რომ ამ ორგანიზაციების საქმიანობა არა არჩევნებზე ობიექტური დაკვირვება, არამედ დესტრუქციული პროცესების ორგანიზებაა.

“მოგეხსენებათ, რომ არჩევნებამდე 3 კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება და ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიცია, არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან. ამ მხრივ სხვადასხვა მექანიზმები აქვთ ჩართული და მრავალი მიმართულებით აწარმოებენ აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას. არჩევნების ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან. 12 პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სამი კი – „ევროპულ საქართველოსთან“, – განაცხადა მიქანაძემ.

სახელისუფლებო პარტიის განცხადებას ოპოზიციის ჩანაფიქრებთან დაკავშირებით კონტრარგუმენტებით გამოეხმაურნენ ბრალდებების ადრესატი და სხვა ოპოზიციური პარტიები.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების თქმით, ხელისუფლება სუსი-ს გამოყენებით და სხვა მათ ხელთ არსებული რესურსებით, მოქალაქეების უკანონო მიყურადებასა და შანტაჟს აგრძელებს.

„ნებისმიერი სადამკვირვებლო ჯგუფის აფილირება, რომელიმე პირის დაკავშირება რომელიმე პარტიასთან, მით უმეტეს ოპოზიციასთან, არანაირი პრობლემა არ არის. პრობლემა არის რაც ხდება არა ოპოზიციის, თუნდაც მათთან დაკავშირებული რომელიმე ჯგუფის მიერ არჩევნების დროს, არამედ ის, რასაც აკეთებს მთავრობა მისი კომისიის წევრებით და მათთან დაკავშირებული პირებით. ძალადობა, ჩაყრა, მანიპულაცია, კარუსელი – ეს არის პრობლემა. თუ საზოგადოების მოტყუებაზეა საუბარი, აქ არაფერი დამალული არ არის. საჯაროა, ამ ჯგუფებიდან ერთ-ერთი ჯგუფის დამფუძნებელი ჩვენი პარტიის წევრი იყო მაშინაც და ეს ყველამ იცოდა, გამგეობის წევრი არის. პრობლემაა, როცა საარჩევნო ადმინისტრაციის ნეიტრალურ წევრებად წარმოაჩენ და შენი უმრავლესობის ნებით ნიშნავ ხალხს, რომელიც საჯაროდ ცნობილია, რომ აღმასრულებელი ვერტიკალის ნაწილია, როცა ასეთ ჯგუფებს აძლევ ფულს, ფულს ურიგებ შენთან დაკავშირებულ ჯგუფებს, რომლებსაც ვითომ ნეიტრალურად წარმოაჩენ”, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.

9 სექტემბრის მონაცემებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 62 ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, რომლებიც ორი ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდებიან. პარტია „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ დარჩენილ სამ კვირაში გააგრძელებენ ამ ორგანიზაციების შესწავლას, რათა მათივე თქმით – “საზოგადოების წინაშე ამხილონ დესტრუქციაზე ორიენტირებული და რადიკალური ოპოზიციის ფილიალი ჯგუფები”.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend