მთავარი საქართველო გზავნილები დასავლეთიდან

გზავნილები დასავლეთიდან

უკვე მეორე დღეა, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც გუშინ, 7 სექტემბერს მმართველმა გუნდმა პარლამენტში მხარი არ დაუჭირა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლება ორ საკითხზე თანხმდებოდა, თუმცა მესამეზე ვერ.

საკითხი, რომელზეც კონსენსუსი ვერ შედგა, მთავარი პროკურორის არჩევის წესს ეხებოდა და ის 19 აპრილის შეთანხმებით იყო განსაზღვრული.

საბოლოოდ, მმართველმა გუნდმა ამ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა, რასაც ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოების კრიტიკა მოჰყვა.

დასავლელი პარტნიორების კრიტიკას კი დღეს უკვე პოლიტიკური სპექტრი გამოეხმაურა.

„მმართველმა გუნდმა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე რეპუტაცია დაკარგა“, – ასე აფასებენ ოპოზიციაში ამერიკის საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებებს. ოპოზიციაში იზიარებენ დასავლელი პარტნიორების კრიტიკას და ფიქრობენ, რომ საქართველო ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველდღიურად სცილდება.

„ამას კრიტიკა აღარ ჰქვია, როდესაც პირდაპირ ამბობენ, რომ კიდევ ერთხელ გატეხა მმართველმა პარტიამ სიტყვა პირობა. მესამედ, უკვე ორი თვის განმავლობაში, მმართველი პარტია ირცხვენს თავს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე“, – განაცხადა „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

„ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით, კერძოდ, პროკურორის არჩევის წესის ჩაგდებით, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ პრაქტიკულად კანონის უზენაესობის სფეროში უმძიმესი გარღვევითა და ჩავარდნით საქართველო ყოველდღიურად სცილდება ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შესახებ გუშინ, 7 სექტემბერს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ისაუბრა და წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტმა უარი თქვა, მხარი დაეჭირა ძირითად ცვლილებაზე მთავარი პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით. ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ ეს ფაქტი წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთ გატეხილ პირობასა და გაშვებულ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ჰქონდეს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა. დასავლელი პარტნიორების ამ განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც ეხმაურებიან.

„ხელისუფლებას უბრალოდ არ უნდოდა ეს ძალაუფლება დაეკარგა და მან არჩია, წასულიყო ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების გზით – ავტორიტარიზმის გზით და არა დემოკრატიული პროცესების გზით – რაც, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე უარყოფითად აისახება და აბსოლუტურად არ იყო გასაკვირი, ხელისუფლების აი, ამ ქმედებაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ძალიან მკაცრი განცხადება და ის რეაგირება, რომელიც ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან მოჰყვა“, – თქვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

მმართველი პარტიისთვის კი დასავლელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები გაუგებარია. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, როცა დოკუმენტი ანულირებულია, არანაირი გატეხილი პირობა არ არსებობს.

„არანაირი გატეხილი პირობა არ არსებობს, როცა მოხდა ანულირება დოკუმენტის. დოკუმენტის ანულირება იმიტომ მოხდა, რომ დოკუმენტს ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ყოფილიყო პარტიებს შორის თანხმობა გარკვეულ საკითხებზე და ქვეყანაში ყოფილიყო გარკვეული სტაბილურობა, მაგრამ როცა 8 პარტიიდან 4- მა არ მოაწერა ხელი, მათ შორის, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ბუნებრივია, მოხდა დოკუმენტის ანულირება და, შესაბამისად, ანულირებული დოკუმენტის პირობის გატეხა ვერ მოხდებოდა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა.

„გაუგებარია საელჩოების განცხადება, უფრო მეტსაც გეტყვით, რეალობას არის აცდენილი და ეს უნდა ითქვას პირდაპირ. მე არ მახსოვს არც ერთი მკაცრი განცხადებები ცალკეული საელჩოს მხრიდან, რაც ეკუთვნოდათ, სხვათა შორის. უფრო მეტსაც გეტყვით, ანულირებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, გუშინ ამნისტია, რომელიც ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იყო, მხარი არ დაუჭირა“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

საშემოდგომო სესია პარლამენტში 7 სექტემბერს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრით გაიხსნა. პარლამენტს სამი ცვლილებისთვის უნდა ეყარა კენჭი, „ქართულმა ოცნებამ“ კი მხოლოდ მესამე საკითხს არ დაუჭირა მხარი, რომელიც მთავარი პროკურორის არჩევის წესს ეხება – სწორედ ეს იყო ის ერთ-ერთი საკითხი, რომლის შესრულების ვალდებულებაც, „ქართულ ოცნებას“ დოკუმენტზე ხელმომწერ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმებით ჰქონდა განსაზღვრული.

 

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend