მთავარიამერიკაბრაზილიაბოლსონარუს მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქციები გამართეს

ბოლსონარუს მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქციები გამართეს

7 სექტემბერს ბრაზილიაში მემარჯვენე პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს მოწოდებით  ქუჩაში ათიათასობით მხარდამჭერი გამოვიდა. ამ ნაბიჯით პრეზიდენტი აძლიერებს წნეხს ბრაზილიის უზენაეს სასამართლოზე, იგი ასევე იმუქრება, რომ ქვეყანაში კონსტიტუციურ კრიზისს შექმნის.

ბოლსონარუ უპირისპირდება უზენაეს სასამართლოს იმ რამდენიმე მხარდამჭერის განაჩენის გამო, რომლებსაც ძალადობრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების ორგანიზებასა და დაფინანსებაში,  ასევე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

ბოლსონარუს მოწინააღმდეგეებს ეშინოდათ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს დემონსტრანტების ქუჩაში გამოსვლით ისეთივე ძალადობრივი სცენარი არ განვითარებულიყო, როგორიც 6 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა განახორციელეს.

სან-პაულუში კი ათასობით ადამიანი შეიკრიბა პრეზიდენტის გადადგომის ან იმპიჩმენტის მოთხოვნით. ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნები ნათლად ასახავს იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ბოლსონარუმ ქვეყანაში შექმნა. მისი ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, თუ კონგრესი მისი იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას გადაწყვეტს.

ოპოზიციური ჯგუფები, მუშათა პარტიის ხელმძღვანელობით, ასევე მათი მხარდამჭერები დროშებითა და პლაკატებით შეიკრიბნენ და ბოლსონარუს გადადგომა მოითხოვეს.

ოპოზიციის მხარდამჭერთა შორის ბევრს იმედი აქვს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ლულა მალე თავის კანდიდატურას წამოაყენებს, რაც საბოლოო გამარჯვებას მოუტანს მას არჩევნებში, რომელიც მომავალ წელს უნდა გაიმართოს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფაბიო ფრანსინე ამბობს, რომ არ დაუშვებენ იმას, რასაც ბოლსონარუ ქვეყანასა და ბრაზილიის მოსახლეობას უკეთებს. სწორედ ამიტომ შეუერთდა იგი აქციის მონაწილეებს. მისი აზრით, ბოლსონარუ უნდა წავიდეს.

ორივე ბანაკის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან თავიანთი კანდიდატის გამარჯვებაში, თუმცა დებატები კიდევ უფრო მეტად მწვავდება.

პოლიტიკური ექსპერტები აცხადებენ, რომ მომავალი პერიოდი შესაძლოა კიდევ უფრო დაძაბული იყოს ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო. როგორც ცნობილია, ბრაზილია  ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელშიც  კორონავირუსით გარდაცვლილთა საკმაოდ დიდი რაოდენობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend