2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა საჰაერო მგზავრობის უსაფრთხოება საგრძნობლად შეცვალა.
იმ დროს მოქმედმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ტერაქტიდან ორ თვეში ხელი მოაწერა ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის შექმნის შესახებ კანონმდებლობას, რომლის შედეგადაც ავიაინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაინერგა.
ახალი კანონმდებლობით სავალდებულო გახდა თითოეული ბარგის სკანირება, პილოტის კარის გამყარება და ყოველ ფრენაზე ფედერალური ავიაციის მარშალის ყოფნა.
ახალ საფრთხეებთან ერთად უსაფრთხოების ზომებიც გამკაცრდა. მგზავრებს მოეთხოვებოდათ ქამრის მოხსნა, ფეხსაცმლის გახდა და სკანირებისათვის ჩანთიდან ნივთების ამოლაგება.
ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობებში ახალი მეთოდები დაინერგა. ამჟამად საცდელ რეჟიმშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჯიხურები, სადაც სახის ამოცნობაა შესაძლებელი. ასევე, პირადობის მოწმობებსა და ჩასხდომის ბილეთებს მანამდე შეგროვებულ მონაცემებს ადარებენ.
„მონაცემთა ბაზის გატეხვა შესაძლებელია. თუ ვინმე სისტემაში შემოვიდა და თავისი ან თქვენი ინფორმაცია შეცვალა ან მოიპარა, ამას ვერ გაიგებთ. შესაძლოა, ჯიხურთან იდგეთ და უცებ აღმოჩნდეს, რომ არ დაიშვებით ფრენაზე. ამ შემთხვევაში რა უნდა ქნათ თუ თქვენი ციფრული და ბიომეტრიული მონაცემები მოიპარეს? ამ კითხვაზე, ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურს პასუხი არ აქვს“, – ამბობს ფედერალურ საქმეთა დირექტორი, ინდია მაკკინი.
კონგრესის მითითებით ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახური კერძო სერვისის მომწოდებლების მომსახურების გაფართოებას დაიწყებს, რათა წინასწარი რეგისტრაციის დროს მითითებული ინფორმაცია შეაგროვოს.
„კიბერუსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არსებობს კონტრაქტის დებულებები, რომელთა მიხედვით სერვისის მიმწოდებელმა პერსონალურ მონაცემთა ბაზის დაცვის მიზნით შესაბამისი მომსახურება უნდა უზრუნველყოს“, – აცხადებს ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი, დეივიდ პეკოსკი.
მიუხედავად მთელი რიგი ცვლილებებისა, ტრანსპორტის უსაფრთხოების შესახებ კითხვები მაინც არსებობს.
„არ ვფიქრობ, რომ ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახური გვიცავს, უფრო მგონია ეს მათთვის ჩვეულებრივი რუტინაა“, – ამბობს მგზავრი, რიო ზავალა.
„ბევრი ფული დაიხარჯა. 60 ათასი ადამიანი გვყავს ამ სააგენტოში დასაქმებული იმისათვის, რომ ტრანსპორტის სისტემის უსაფრთხოება უზრუნველყონ“, – აცხადებს დეივიდ პეკოსკი.
ბევრი დამოუკიდებელი ექსპერტი ეთანხმება პეკოსკის შეფასებას, თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ გარკვეული მიმართულებებით უსაფრთხოების სისტემა უნდა გაუმჯობესდეს.