მთავარისაქართველო13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

4 ოქტომბრიდან შესაძლოა, სკოლის მოსწავლეებმა სწავლა საკლასო ოთახებში განაგრძონ

13 სექტემბრიდან საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ეს გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება.

4 ოქტომბრიდან შესაძლოა, სკოლის მოსწავლეებმა სწავლა საკლასო ოთახებში განაგრძონ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლებისა და ვაქცინაციის უფრო მეტად გაფართოების ფონზე, ეს გამორიცხული არ არის. მისი განმარტებით, ზოგიერთ სკოლაში პედაგოგთა 60% სრულად არის აცრილი, თუმცა ვაქცინაციის პროცესში ჩართული სტუდენტების რაოდენობა არც ისე მაღალია.

“ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას იმისათვის, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა სასკოლო გარემოში დაიწყოს. კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტროში 12-დან 16 წლამდე იმ მოზარდების ვაქცინაციაზე მსჯელობენ, რომელთაც გარკვეული სახის თანმხლები დაავადება აქვთ. თუმცა როგორც უწყებაში განმარტავენ, გადაწყვეტილების მისაღებად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მყარი პოზიცია მნიშვნელოვანია. ვაქცინაციის გაფართოების პარალელურად კორონავირუსის მეხუთე ტალღისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც ემზადებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კორონავირუსის მომდევნო ტალღებს საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანს უფრო მსუბუქად, თუ ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა გაიზრდება.

“დასაშვებია იყოს როგორც მეხუთე, ისე მეექვსე ტალღაც. ვირუსულ ინფექციებს აქვს ციკლური მიმდინარეობა, მით უმეტეს, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში იწყება რესპირაციული ვირუსების სეზონი, კორონაც რესპირაციული ვირუსი გახლავთ. მეხუთე ტალღისთვის საჭიროა ერთმანეთს მოვუწოდოთ, რომ გავიკეთოთ პირბადე – ყველაზე ეფექტიანი დამცავი საშუალება, პირბადის ტარების მაჩვენებელი  95%-მდე მაინც უნდა ავიდეს. ამ შემთხვევაში დეკემბრისთვის გადავარჩენთ 200-250 ადამიანს. თუ მეხუთე ტალღისთვის შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი და ჩავატარებთ მილიონ აცრას ოქტომბერში, შედარებით მსუბუქად გადავიტანთ როგორც მეხუთე, ისე მომდევნო ტალღას. მთავარია, იყოს კუმულაციური იმუნიტეტი ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგოდ და ვატაროთ პირბადე“, –  ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

13 სექტემბრიდან დაიწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის ჯამური საპრიზო ფონდიც ორ მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს. მონაწილეობის მიღება ერთჯერადად აცრილ მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

ლატარია გათამაშდება ყოველდღიურად წლის ბოლომდე. გარდა ამისა, იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. ცხადია, იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდი. ყოველდღიურად გათამაშდება 100-დან 500 ლარამდე. ყოველკვირეულად კი 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო. ხოლო შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება წლის ბოლოს, საპრიზო ფონდი კი 100 000 ლარი იქნება“, – ამბობს გიორგი ღიბრაძე, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის აცრილია მილიონ 340 ათასზე მეტი ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი 65 წელს ზემოთ ასაკის პირების ვაქცინაციაა, რაც ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციასა და ლეტალობას შეამცირებს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend