კვირას დასავლეთი აფრიკის ქვეყანაში, გვინეაში, პრეზიდენტის სასახლესთან რამდენიმესაათიანი სროლის შემდეგ ამბოხებულმა ჯარისკაცებმა პრეზიდენტი ალფა კონდე დააპატიმრეს. შემდეგ კი მოსახლეობას ტელევიზიის საშუალებით აცნობეს, რომ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მთავრობა დაიშალა.
დაიხურა ქვეყნის საზღვრები, ხოლო მისი კონსტიტუცია ანულირებულად გამოცხადდა იმ განცხადების მიხედვით, რომელიც პოლკოვნიკმა მამადი დუმბუიამ სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით გააკეთა.
მოგვიანებით პოლკოვნიკმა ერთ-ერთ ტელევიზიას დაუდასტურა, რომ კონდე უსაფრთხო ადგილას იმყოფება და ექიმმა იგი უკვე მოინახულა. ცოტა ხნის შემდეგ კი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ამბოხებულებმა სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით განცხადებაც გააკეთეს.
მათ სურთ, დაარწმუნონ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება, რომ ყოფილ პრეზიდენტს არც მორალურად და არც ფიზიკურად საფრთხე არ ემუქრება. ისინი აღნიშნავენ, რომ პერიოდულად ამოწმებენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, დაპატიმრებული პრეზიდენტი თავის ექიმებთანაც გადის კონსულტაციებს. მათი თქმით, როდესაც საჭირო იქნება, თავად გააკეთებენ შესაბამის განცხადებას.
კონდეს პოპულარობა მნიშვნელოვნად დაეცა მას შემდეგ, რაც მან პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად მესამედ იბრძოლა. იგი აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო ვადის შეზღუდვები მასზე არ ვრცელდებოდა. კვირას განვითარებული მოვლენები კი იმის მანიშნებელია, თუ როგორ გაიზარდა უკმაყოფილება სამხედროებშიც.
საფრანგეთისგან მიღებული დამოუკიდებლობის შემდეგ, 2010 წელს გამართულ პირველ დემოკრატიულ არჩევნებში კონდემ გაიმარჯვა. ბევრს ეგონა, რომ მისი პრეზიდენტობა ახალი ერა იქნებოდა ქვეყნისთვის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში კორუფციასა და ავტორიტარული მმართველობის ქვეშ იყო.