მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის მზადება დაიწყო

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის მზადება დაიწყო

საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატებმა, კომიტეტის სხდომის ფარგლებში კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე პირველად იმსჯელეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის – შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, ხელმომწერ მხარეებს ერთ-ერთი პუნქტით ავალდებულებს, რომ მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის არჩევნებისას, საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 2%-მდე დავიდეს, ასევე პარლამენტში ფრაქციის ჩამოყალიბებისთვის 7 დეპუტატის ნაცვლად 4 დეპუტატის შეკრება იქნება საკმარისი.

ამ ორ საკითხზე პოლიტიკური ოპონენტები ფაქტობრივად შეთანხმდნენ. ხოლო მესამე საკითხზე, რომელიც  გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება, პოლიტიკური დისკუსია გრძელდება. საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას არ უნდა ხელიდან გაუშვას ეს ძალოვანი ინსტიტუტი და ნაკისრი ვალდებულების შესრულებას არ აპირებს.

,,ამ მომენტისთვის შევთახმდით, რომ ყველა ფრაქცია მხარს ვუჭერთ ყველა შემდგომი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ჩანაწერს, დაბალ ბარიერს და ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების შემცირებას შვიდიდან ოთხამდე. „ქართულ ოცნებას“ აქვს განსხვავებული პოზიცია გენერალური პროკურორის არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობასთან მიმართებაში, მათ ეს პოზიცია გაგვაცნეს, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ ხვალამდე. გენერალური პროკურორის საკითხი იქნება ამოღებული და ცალკე ვუყრით კენჭს თუ დავტოვებთ ისე, როგორც არის. ამოცანაა, რომ კონსენსუსი მიღწეული იყოს, სხვაგვარად საჭირო მხარდაჭერას საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მიიღებს”, – განაცხადა ფრაქცია „ლელო – საქართველოსთვის“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ.

მმართველი გუნდის განცხადებით, გენერალურ პროკურორთან დაკავშირებული ნორმა, რაც ასახული იყო 19 აპრილის „ქართული ოცნების“ მიერვე გაუქმებულ შეთანხმებაში, თავისი შინაარსით აბსურდულია. საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ თუ მათ მიერ შეთავაზებული წესით ვერ მოხდება პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, მაშინ შეიძლება საკითხი საერთოდ არ გავიდეს სესიაზე.

„გუნდი შეჯერებულია, გვაქვს კონსენსუსი ცვლილებებზე, რომელიც მომდევნო ორი არჩევნების სრული პროპორციული სისტემითა და 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. რაც შეეხება, გენერალური პროკურორის არჩევის წესს. პრაქტიკულად, ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ აირჩევა გენერალური პროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით და ერთი წლის ვადით, როგორც ეს არის პროექტში შემოთავაზებული. ერთი წლის ვადით არჩევა არის ძალიან პრობლემატური და ასევე კონსენსუსი ისეთ საკითხზე, როგორიც არის ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის არჩევა, პრაქტიკულად შეუძლებელია პოლიტიკურ ველზე. ეს კონკრეტული არგუმენტები დავდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ველოდებით კონტრარგუმენტებს. დღეს კომიტეტზე გვექნება განხილვა და მსჯელობა. საბოლოოდ როგორი ფორმით მიიღება ცვლილებები, გაირკვევა პლენარულ სხდომაზე“, – განმარტა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

დაგეგმილ კონსტიტუციურ ცვლილებებს, 150 დეპუტატიდან 113-ის მხარდაჭერა სჭირდება. 7 სექტემბრის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე გაირკვევა რა სახის ცვლილება შევა კონსტიტუციაში ან, შევა თუ არა საერთოდ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend