მთავარისაქართველოთამარ გაბუნია - ჩვენი სამიზნე წლის ბოლომდე არის 1 700 000 ადამიანის...

თამარ გაბუნია – ჩვენი სამიზნე წლის ბოლომდე არის 1 700 000 ადამიანის აცრა

ჩვენი სამიზნე წლის ბოლომდე არის 3 400 000 აცრა, რაც არის 1 700 000 მოსახლე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში 1 400 000 აცრა არის ჩატარებული და ეს მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულის ნახევარს უახლოვდება. მანვე აღნიშნა, რომ ეს რიცხვი ჯერჯერობით საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რეალური გარდატეხა მოხდეს.

„საჭიროა მეტად ინტენსიური მუშაობა ვაქცინების გაფართოებაზე. გუშინ 16 000 აცრა ჩატარდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. გასულ დღეებში ყოველდღიურად 23 000-ზე მეტი აცრა გვქონდა. იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ტემპი და გვქონდეს მოლოდინი, რომ საყოველთაო იმუნიტეტი სწრაფად ჩამოყალიბდება, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად 30 000 მაინც იყოს დღის განმავლობაში ჩატარებული აცრების რაოდენობა.

ამ მიმართულებით გარკვეული საგანმანათლებლო კამპანია მიმდინარეობს, თუმცა მეტი აქტივობა არის საჭირო. ასევე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სხვადასხა ბიზნესთან, რათა ვაქცინაციის პროცესი მეტად დაჩქარდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა ტრანსპორტირების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა.„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარკვეული სატრანსპორტო საშუალებები გამოიყო, რათა მოქალაქეები ვაქცინაციის პუნქტამდე მივიდნენ. გარდა ამისა, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში მოძრაობს სპეციალურად ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ავტობუსები. თუკი მოქალაქეს უჭირს გადადგილება, მას ავტობუსშივე შეუძლია აცრის გაკეთება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend