თურქეთში საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქებისთვის განცხადებას ავრცელებს.
თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 6 სექტემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები წესდება.
„საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, მოქალაქე ვალდებულია, აპლიკაციის Hayat Evev Sığar -HES kodu საშუალებით წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული შეზღუდვა არ ვრცელდება კერძო, მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო მგზავრობის მსურველ პირებზე.
ამასთან, კინოთეატრებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ასევე სავალდებულო იქნება აპლიკაციის Hayat Evev Sığar -HES kodu საშუალებით სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.