მთავარი საქართველო ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა კვლავ მთავარ თემად რჩება

ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა კვლავ მთავარ თემად რჩება

პოლიტიკოსები საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას აფასებენ

ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშზე უარის თქმა კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად. პოლიტიკოსები ამჯერად საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აფასებენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება.

„სალომე ზურაბიშვილიც კი მიიჩნევს, რომ დისტანცირება უნდა მოახდინოს ამ ძალისგან, ძალისგან, რომელიც რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო უახლოვდება რუსული ორბიტის გავლენებს, ამიტომ ახლანდელ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში საზოგადოების აქტივობითა და მობილიზებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პირწმინდად დამარცხდეს „ქართლი ოცნება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ.

„პრეზიდენტის სახით, რომელიც არის მისივე დანიშნული პრეზიდენტი, მანაც კი უარყო გუშინ „ქართული ოცნება“ და განუდგა და, შესაბამისად, ახლა „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც სრულ თვითიზოლაციაში მოექცა“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

„ქალბატონ ზურაბიშვილს ჩვენი კრიტიკა არ უგულისხმიაო. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ არ გვაძლევდნენ ამ თანხას „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო ნაბიჯების გამო და ჩვენს მოსახლეობას გამოართვეს პირიდან 300 მილიონი ლარი. იმისათვის, რომ სასამართლო რეფორმა არ განახორციელონ. ეს არის სიმართლე“, – თქვა „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

მმართველ გუნდში კი, სესხის აღებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ამ საკითხთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია არ აქვს.

„საქართველოს მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არ აიღოს სესხი. ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, ჩვენ ავუხსნით მას. მივაწოდებთ მას ამ ინფორმაციას იმის თაობაზე, საერთოდ რა ვალზეა საუბარი, როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალი და საერთოდ, როგორ მართავს მთავრობა ამ პროცესს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„იყო გარკვეული ნაწილები ამ გამოსვლაში ისეთი, რომელიც შეიძლება გაზიარებადი იყოს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მიმართ გამოთქმული კრიტიკა, იმიტომ, რომ ეს ემთხვევა ერთმნიშვნელოვნად იმ მოსაზრებებს, რომლებსაც ჩვენ ვაცხადებთ, მაგრამ ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას მიემართება, ბუნებრივია, რომ ამას არ ვეთანხმებით“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშზე ხელისუფლების უარს ვაშინგტონიც ეხმაურება. სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის სესხზე უარი საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე კითხვებს აჩენს.  სალომე ზურაბიშვილი კი ასე ფიქრობს:

„მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს, როგორც ქვეყნის  ხვალინდელ  რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend