მთავარისაქართველო„უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე ჩემთვის გაუგებარი ნაბიჯია“ - სალომე ზურაბიშვილი

„უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე ჩემთვის გაუგებარი ნაბიჯია“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის განცადებით, ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რატომ თქვა უარი მთვარობამ ევროკავშირისგან 75 მილიონი ევრო მიეღო. სალომე ზურაბიშვილი საგარეო ვალის შემცირებაზე პრიორიტეტულად მოქალაქეებისთვის კრიზისული მდგომარეობის შემსუბუქებას მიიჩნევს. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ევროპის მხრიდან ინტერესის შესუსტება იმ შიდა და გარე ძალების ინტერესშია, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურთ. პრეზიდენტი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ქვეყნის რეპუტაციაა, ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას კი მისი თქმით, საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს.

„გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი – ვალის შემცირების აუცილებლობა ანალიზს ვერ უძლებს. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი სესხი. გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია. ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს, ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება. ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის, ამ სესხის აღება არ აღებით არ შემოიფარგლება. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა. მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი, აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს, როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც. დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარი ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია, ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის, სახიფათო ილუზიაა. საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯებმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები. ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლეობის 80%-ს არა თუ ესმის, კიდევაც იზიარებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტზე. პრეზიდენტი ამბობს, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციამ სწორედ იმ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელსაც 6 თვის განმავლობაში აკრიტიკებდა. სალომე ზურაბიშვილი როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას მოუწოდებს ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას.

„ჩემი როლი ნათელზე ნათელია ამ ვითარებაში: მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა. მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით. ჩემი პოზიცია უცვლელია: მე ვარ ერთგული ყველაფერი იმის, რასაც ვიცავ მუდმივად პირველი დღიდან: საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური დემოკრატია და ევროპული მომავალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური განცხადება მედიასთან 2 ივლისს, ორბელიანების სასახლეში გააკეთა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend