ანგელა მერკელი, როგორც თანამედროვე გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მმართველი და გლობალური მასშტაბის ლიდერი, პოლიტიკურ მოღვაწეობას ასრულებს. ევროპის მასშტაბით უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს 16 წლიანი მართვისას ბევრ წარმატებასთან ერთად მან გააუქმა სავალდებულო სამხედრო სამსახური, დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება და მარტოხელა მამებს სოციალური დახმარება გაუზარდა.
ანგელა მერკელის პირველი დიდი გამოწვევა 2008 წლის ფინანსური კრიზისი იყო, მან თანამოქალაქეები დაარწმუნა, რომ მათ დანაზოგებს საფრთხე არ ემუქრებოდა.
სწორედ ანგელა მერკელი გახლდათ წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, ვინც ევროკავშირის რიგი წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური პრობლემების ფონზე ევროს გადარჩენაზე ზრუნავდა.
“როდესაც ევრო ზეწოლის ქვეშ იყო, ერთადერთი სწორი მიდგომა გახლდათ ევროს მომავლის უზრუნველსაყოფად. ამ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იყო და ჩვენ სწორედ ასე მოვიქეცით“, – თქვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
2015 წელს ანგელა მერკელი გახლდათ პირველი ევროპელი ლიდერი, ვინც ბალკანეთის გავლით სირიიდან მომავალ ათასობით ლტოლვილს საკუთარი სახელმწიფოს საზღვრები გაუხსნა, შედეგად იგი კრიტიკის სამიზნე გახდა, როგორც სამშობლოს, ასევე მთელი ევროპის მასშტაბით.
ანგელა მერკელის პოლიტიკური მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გლობალური კრიზისების ფონზე სტაბილურობის შენარჩუნებაა.
“კანცლერი ანგელა მერკელის მმართველობის ყველაზე ღირებული მემკვიდრეობა ის გახლავთ, რომ მან გლობალური კრიზისის ფონზე სახელმწიფოში სტაბილურობა შეინარჩუნა. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ჩვენ მთელი რიგი სხვა კრიზისები გვქონდა. კრიზისები მსოფლიო მასშტაბის საშიშროებას წარმოადგენდნენ. ის ფაქტი, რომ ანგელა მერკელმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ევროპისა და შეიძლება ითქვას მსოფლიოს უსაფრთხოება უზრუნველყო – ეს თავისთავად ქალბატონი კანცლერის დამსახურებაა“ – ამბობს ჟურნალისტი რალფ ბოლმანი.
საერთაშორისო პოლიტიკურ სცენაზე ანგელა მერკელი ყოველთვის ეძებდა კომპრომისს და მრავალმხრივი მიდგომით გამოირჩეოდა, იქნებოდა ეს ბრექსიტი თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გართულებული ურთიერთობები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
მისი მმართველობისას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უმუშევართა რაოდენობა 5 მილიონიდან 2 მილიონ ნახევრამდე შემცირდა. 67 წლის ანგელა მერკელი აცხადებს, რომ მისი მოღვაწეობა სხვებმა უნდა შეაფასონ.