მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი ავღანეთიდან გავიდა, უამრავი ავღანელი, „თალიბანის“ შიშით, ქვეყნის დატოვებას ცდილობს. ევროპის ქვეყნებმა ლტოლვილთა შეფარების შესახებ პირობა დადეს და ავღანელი ლტოლვილების ნაწილი უკვე მიიღეს. ამ დროისთვის საფრანგეთმა ავღანეთიდან 2 600 ლტოლვილი მიიღო, რომლებსაც თავშესაფარს მისცემს.
საფრანგეთში ჩასული ლტოლვილები იმ ათასობით ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც გასული დღეების განმავლობაში ქაბულის დატოვებას ცდილობდნენ. საფრანგეთმა 2 600 ავღანელი შეიფარა.
86 ავღანელი ახლა საფრანგეთის ქალაქ ლიონის გარეუბანში ცხოვრობს, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან, თუმცა არც ერთ მათგანს არ სურს ღიად საუბარი.
ამიდი ლტოლვილია ავღანეთიდან და, სხვა ავღანელების მსგავსად, ღელავს ავღანეთში დარჩენილი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე. იგი სოფლის მეურნეობის საკითხების მკვლევარი იყო და ფრანგულ კომპანიაში მუშაობდა.
ამიდი ამბობს, რომ ჰელმანდის პროვინცია „თალიბანის“ ცენტრს წარმოადგენს. პირველად შეტაკებები სწორედ ჰელმანდის პროვინციაში დაიწყო და 20 დღე გაგრძელდა. განადგურდა უამრავი შენობა, უნივერსიტეტი და მეჩეთი. დახოცეს ათასობით ადამიანი. ამიდი 34 წლისაა. ამ ორი კვირის განმავლობაში იგი წარმოუდგენელ სისასტიკეს უყურებდა. მთავრობამ გააფრთხილა ავღანელები, სახლები დაეტოვებინათ, რადგან მათ უნდა დაებომბათ ის ადგილები, სადაც „თალიბანი“ იყო. ახლა კი, ამიდის თქმით, „თალიბანი“ აკონტროლებს ყველაფერს. მათთვის ყველა უცხო ქვეყნის ჯაშუშია. თუ ვინმე ფრანგებთან მუშაობს, ფრანგების ჯაშუშია, ამერიკელებთან -ამერიკელების და ა.შ. ამიდის ერთადერთი იმედი ახლა საფრანგეთის მთავრობაა.
ასოციაცია „ლტოლვილთა ფორუმი“ საფრანგეთში ჩასულ ავღანელებს ეხმარება. ევაკუაციის ოპერაცია არასოდეს დაავიწყდება ასოციაციის დირექტორს.
„ლტოლვილთა ფორუმის“ დირექტორ ჟან-ფრანსუა ფლოქვინს ისეთი განცდა აქვს, რომ ასოციაციის მიერ გაწეული სამუშაო ერთი დიდი ამბის ნაწილია, რომელიც ახლა იწერება. მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, თუ რას ნიშნავს ლტოლვილად ყოფნა. როგორც ამბობენ, თავშესაფრის მაძიებელია ის, ვინც ყველაფერი დაკარგა. ჟან-ფრანსუა აღნიშნავს, რომ ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ და ზოგ მათგანს მხოლოდ ის გააჩნია, რაც იმ მომენტში ეცვა.
ლტოლვილები დამატებით ერთი კვირა გაჩერდებიან ასოციაციის თავშესაფრებში, ხოლო თითოეულ ადამიანს, რომლებიც მუდმივ თავშესაფარს ეძებენ, საფრანგეთის საიმიგრაციო სამსახური დაეხმარება. მათ, სავარაუდოდ, სხვადასხვა ცენტრში გადაანაწილებენ. რამდენად ააწყობენ ცხოვრებას მიგრანტები, ეს მხოლოდ მათზე იქნება დამოკიდებული.